ნეტგაზეთი | ზურაბიშვილის თქმით, ომის დროს საქართველოს საელჩოები დადუმებული იყვნენ ზურაბიშვილის თქმით, ომის დროს საქართველოს საელჩოები დადუმებული იყვნენ – Netgazeti
RU | GE  

ზურაბიშვილის თქმით, ომის დროს საქართველოს საელჩოები დადუმებული იყვნენ

“სხვათა შორის, იმ დროს, როცა ეს [2008 წლის აგვისტოს] ომი დაიწყო, ერთადერთი ადამიანი, რომელიც აქტიურად გამოდიოდა ევროპულ გაზეთებში, რადიოებსა და ტელევიზიებში, მე ვიყავი. იმ დროს საელჩოები დადუმებულები იყვნენ, არ იცდონენ, რა უნდა ეთქვათ. მე, როგორც დღეს, თავისუფალი ვიყავი”, – ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია რიონის ეთერში აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.

მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამ ომის შესახებ თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და თქვა, რომ მას “არაფერი ისეთი არ უთქვამს”.

“მთელი ჩემი ცხოვრება მეტყველებს იმაზე, თუ რა არის ჩემი დამოკიდებულება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. ამაზე არაერთი სტატია მაქვს.

სხვათა შორის, იმ დროს, როცა ეს ომი დაიწყო, ერთადერთი ადამიანი, რომელიც აქტიურად გამოდიოდა ევროპულ გაზეთებში, რადიოებსა და ტელევზიებში, მე ვიყავი. იმ დროს საელჩოები დადუმებულები იყვნენ, არ იცდონენ, რა უნდა ეთქვათ. მე, როგორც დღეს, თავისუფალი ვიყავი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ რუსეთმა საქართველოსთან ომი 1801 წელს დაიწყო:

“გავიმეორებ 1921 წელს, როცა ჩემი მშობლები წამოვიდნენ, შემდეგ აფხაზეთის დაცემაზე, ისევ რუსეთი და, ცხადია, 2008 წელს – ისევ რუსეთი, მაგრამ ჩვენ რომ ვართ საქართველო, ვიცით, რა გველის, როგორ მოქმედებს რუსეთი… ამაზე დაწერილი მაქვს, რომ რუსეთი არის ერთგვარი ცომი, რომელიც თუ არ გააჩერე, მოდის და მოდის.

როცა შენ ხარ პატარა ქვეყანა და არ გაქვს ძალა, როცა შენი პარტნიორები გეუბნებიან, რომ ვიცით, რომ ეს პროვოკაცია მზადდება, ნუ აყვებით… მე ერთადერთი რეაქცია მქონდა იმაზე, როგორ იქცევა ამ მომენტში პრეზიდენტი. პრეზიდენტის ვალდებულებაა, რომ დაიცვას ქვეყანა, მისი ტერიტორიები და არ იყოს ინსტრუმენტი იმ პროვოკაციებში, რომელიც მიდის იქამდე, რომ ამ ტერიტორიებს კიდევ ერთხელ ვკარგავთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ქვეყანას ეყოფა დაკარგული ტერიტორიები და ის არ იქნება ტერიტორიების დაკარგვის პრეზიდენტი.

“ყველანაირად ვეცდები, როგორც სამხედრო ბაზების გაყვანის მოლაპარაკებების დროს, რომ ყოველთვის ახლო კონტაქტში ვიყო ჩვენს პარტნიორებთან. მათ გარეშე ჩვენ რუსეთს ვერ გავუმკალვდებით. ისინი ყველა ჩვენი ნაბიჯის შესახებ უნდა იყვნენ ინფორმირებული. სხვათა შორის, იგივე სიტუაცია იყო 2004 წელს. იგივე პროვოკაციები დაიწყო რუსეთის მხრიდან. მაშინ მიშა სადღაც საზღვარგარეთ იყო გასული და ჟვანია იყო სათავეში. ღამე იყო, დაგვიბარა, პირველი რეაქცია იყო, რომ დაურეკა კოლინ პაუელს, როგორ მოვიქცეო. ის სუტუაცია თავის ჩარჩოებში ჩაჯდა. ეს არის მეთაურის მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომ შენი ქვეყნის მოქალაქეები და ტერიტორია დაიცვა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com