“ეს საქართველოს იმიჯს შეულახავს” – შეიხი რამინ იგიდოვი მარიხუანის წარმოებაზე

სამედიცინო მიზნით ექსპორტისთვის მარიხუანის წარმოების შესაძლო დაშვებას საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი აკრიტიკებს.

მან დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, გარდა იმისა, რომ იდეას რელიგიური ფაქტორიდან გამომდინარე ეწინააღმდეგება, ასევე ფიქრობს, რომ ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე აღსრულება ქვეყანას საერთაშორისო არენაზე იმიჯს შეულახავს.

“ნარკოტიკი ისლამში აკრძალულია, საუბარია ნებისმიერი სახის ნარკოტიკულ საშუალებაზე. მისი ნებისმიერი სახით კულტივაცია და ექსპორტზე გატანა ჩვენთვის მიუღებელია. რაც აკრძალულია, დადებითად ვერ შევაფასებთ. საერთო ჯამშიც ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს მსოფლიოში შეულახავს იმიჯს”.

“მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა ახალი მიღებული აქვს. როგორც ქვეყანა, ისე საზოგადოება, განვითარების და ჩამოყალიბების პროცესშია. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება არ არის მზად, ეს პროცესი მიიღოს”, – აცხადებს ის.

რამინ იგიდოვი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებასაც აკრიტიკებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანაში მძიმე ნარკოტიკის მოხმარებასაც წაახალისებს.

მუსლიმთა სამმართველოს  წარმომადგენლის განცხადებით, მუსლიმთა სამმართველო პროცესის მკაცრი რეგულირების მოთხოვნით ყველა შესაბამის ორგანოს მიმართავს.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, 12 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიზანიც მარიხუანის მოხმარების დარეგულირებაა. ამ კანონპროექტის ნაწილია მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის საექსპორტოდ კულტივაციის ლეგალიზებაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან