ახალი ამბები

“იცით, რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის?” – მაღრაძე სამედიცინო მარიხუანის შესაძლო ექსპორტზე

11 სექტემბერი, 2018 • 8239
“იცით, რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის?” – მაღრაძე სამედიცინო მარიხუანის შესაძლო ექსპორტზე

“ჩვენ უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს იმიტომ, რომ ძალიან რთულია… მაგრამ ახლა, იცით, რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში”, – ეს განცხადება დეპუტატმა გუგული მაღარაძემ გააკეთა იმ ინიციატივაზე კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც საქართველოში სამედიცინო მიზნებისთვის შესაძლოა მარიხუანის წარმოება ლეგალური გახდეს და კანაფისგან წარმოებული გარკვეული პროდუქცია ექსპორტზე გავიდეს.

კითხვაზე, აქვს თუ არა ქვეყანას ამის პოტენციალი, დეპუტატი პასუობს:

“ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა, სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია. სადღაც სიმინდს, მალინას, ჟოლოს მოიყვანენ და სადღაც ამას. ეს იქნება ლიცენზირებული და გათვლილი იმის მიხედვით, რომ ქვეყანას მეტი მოგება მოუტანოს”, – თქვა დეპუტატმა.

შსს ადასტურებს, რომ მთავრობა სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანის მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მის მოხმარებას ზღუდავს. გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანის გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით”, – აცხადებს შსს.

მთავრობამ მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოში მარიხუანის წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით, ნებადართულს ხდის – ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა გამოცემა “ინტერპრესნიუსმა” .

ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს დაუკავშირდა. ზოიძემ დაადასტურა, რომ უმრავლესობის სხდომაზე აღნიშნული საკითხი პრინციპების დონეზე განიხილეს. ზოიძის თქმით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შემდეგ საუბარი შეეხო  მარიხუანის მოხმარების წესებს, თუმცა ასევე განიხილეს სამედიცინო მიზნით პროდუქტების ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი