ახალი ამბები

უსუფაშვილი: არც ვიწონებ და არც ვუწუნებ პროკურატურას სააკაშვილის დაბარებას

23 მარტი, 2014 • • 1196
უსუფაშვილი: არც ვიწონებ და არც ვუწუნებ პროკურატურას სააკაშვილის დაბარებას

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ იგი არც იწონებს და არც იწუნებს პროკურატურის გადაწყვეტილებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დასაკითხად დაბარებასთან დაკავშირებით. 

 

“ჩემთან ეს თემა არავის არ წამოუწევია, არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს, ვისთანაც მე შეხვედრა მქონდა. მე პირადად არც ვიწონებ და არც ვუწუნებ პროკურატურას ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ გახსნას დანაშაული, გამოიძიოს დანაშაული, ამასთან, ეს გააკეთოს ისე, რომ არ დაარღვიოს კანონი და არ შელახოს სხვისი უფლებები. ამ ჩარჩოში მოქმედ პროკურატურას ჩემგან, რა თქმა უნდა, აქვს მხარდაჭერა დანაშაულის გახსნაში. ძალაინ მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ, შეცდომაში არ შევიდეთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დასმულია შეკითხვები, როგორც შესაძლო მოწმის მიმართ. იგი არ არის ეჭვმიტანილი ან ბრალდებული კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. ამასთან, ის საქმეები, რომელზეც პროკურატურა საუბრობს, მრავალი წელია საზოგადოების ინტერესია და ყველა ჩვენგანის ინტერესია, რომ დადგინდეს სიმართლე. ამიტომ, ეს ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ მოქმედი, ყოფილი სპიკერი თუ მოქმედი თავმჯდომარე, თუ ვინმემ რამე ვიცით ამ საქმის თაობაზე და შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ჭეშმარიტების დადგენას, მე მგონი, ეს უნდა გავაკეთოთ პოლიტიკური გართულებები გარეშე”.– განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

უსუფაშვილის განცხადებით, ფაქტი, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის  პირი რაიმე დანაშულთან დაკავშირებულ საკითხზე პროკურატურის ინტერესის ობიექტია, თავისთავად არ არის კარგი.

 

“ეს არაფერს კარგს არ მეტყველებს ქვეყანაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვუმკლავდებით იმ თემებს, რომლებიც ჩადენილია წარსულში და რომელიც უნდა გამოვიძიოთ. ამიტომ ჩემი პასუხი იქნებოდა, რაც შეეხება სწრაფად და მშვიდად გამოვიძიოთ და ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს. რაც შეეხება რეაქციას, ხვალ და ზეგ შეიძლება იყოს კითხვის ფორმითაც, საჭიროა თუ არ არის საჭირო, დროულია თუ არ არის დროული, და ამაზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც არ არის გამორიცხული, რომ იყოს განსხვავებული აზრი”.–განაცხადა უსუფაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სააკაშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იბარებს, თუმცა იგი ამ დროისთვის საქრთველოში არ იმყოფება. სააკაშვილი პროკურატურაში 27 მარტს უნდა გამოცხადეს 13:00 საათზე. პროკურატურის ცნობით, უწყება გიული ალასანიას  ჩაბარდა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი საქართველოში დაკითხვის გამო ჩამოსვლას არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი