ახალი ამბებისამართალი

34 გახმაურებული საქმე, რომელთა გამოძიების შესახებაც ინფორმაცია დახურულია – TI

15 სექტემბერი, 2017 • 4446
34 გახმაურებული საქმე, რომელთა გამოძიების შესახებაც ინფორმაცია დახურულია – TI

დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იმ გახმაურებული საქმეების შესახებ წარადგინა პრეზენტაცია, რომელთა გამოძიების შესახებაც ინფორმაცია დახურულია. მოთხოვნილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით TI პროკურატურის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების” მთავარ საარჩევნო დაპირებებს შორის იყო ე.წ. სამართლიანობის აღდგენა, სამართალდამცავთა მიერ დანაშაულების ჩადენის აღკვეთა, უკანონო თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკის დასრულება და მედიის გათავისუფლება ზეწოლისგან. თუმცა, როგორც გიგაური ამბობს, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ჩადენილი არაერთი გახმაურებული დანაშაული სათანადოდ არ გამოძიებულა, ან მათზე დამდგარი შედეგი საზოგადოებისთვის უცნობია.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი უწყებების მუშაობის ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. იმ პირობებში, როდესაც გახმაურებული საქმეების უმეტესობა არ არის გამოძიებული, საზოგადოებაში შესაძლოა გაჩნდეს განცდა საგამოძიებო ორგანოებში არასათანადო გავლენების არსებობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დანაშაულის გამოძიება ობიექტურად შეიძლება მოითხოვდეს დიდ დროს, ამგვარი საქმეები სამართალდამცავი ორგანოებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს იმისათვის, რომ არ გაჩნდეს ეჭვები სამართალდამცავი უწყებების პოლიტიზების შესახებ და საზოგადოებაში არსებობდეს დაცულობის განცდა,” – ამბობს ეკა გიგაური.

მისი განცხადებით, სწრაფი და სრულფასოვანი გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა გამოძიების ქვეშ მყოფ პირებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ცნობილი და პოლიტიკურად აქტიური ადამიანები არიან, არ გაუჩნდეთ განცდა, რომ მათი საქმეების გამოძიება სამართალდამცავი სამსახურების მიერ სპეციალურად არის გაჭიანურებული, რათა მომავალში ამ პირების აქტიურობის შემთხვევაში, ისინი მათზე ზეწოლის მიზნით იქნას გამოყენებული.

“უკანასკნელ პერიოდში პროკურატურისა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი პერიოდულად მიაწვდიდნენ საზოგადოებას ამა თუ იმ გახმაურებული საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაციას, თუმცა მსგავსი დაპირებები, როგორც წესი, არ სრულდება. შედეგად, ათეულობით გახმაურებულ საქმეზე გამოძიების შედეგი არ არის ცნობილი,” – ამბობს TI-ის ხელმძღვანელი.

როგორც გიგაური აცხადებს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” შეეცადა ერთად  შეეკრიბა ისეთი საქმეები, რომლებმაც 2012 წლის შემდეგ საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი დაიმსახურა და რომელთა გამოძიებასთან დაკავშირებითაც სათანადო ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ის ასევე აღნიშნავს, რომ მათ მიერ მოძიებული მასალების ჩამონათვალში არაა შესული ისეთი საქმეები, რომელთა შესახებაც, გამოძიების დასრულების მიუხედავად, საზოგადოებაში კითხვები დარჩა. ამის მაგალითად ეკა გიგაურს იური ვაზაგაშვილის აფეთქებისა და დემურ სტურუას საქმეებ მოჰყავს.

ეკა გიგაური და ოლიკო შერმადინი, TI. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ეკა გიგაური და ოლიკო შერმადინი, TI. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“თაროზე შემოდებული” საქმეების შესახებ პრეზენტაცია “საერთაშორისო ამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტმა, ოლიკო შერმადინმა წარადგინა. მისი თქმით, ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში იხილავთ საქმეებს, რომელთა თაობაზეც გამოძიება უკვე 5 წელია მიმდინარეობს, მაგალითად: ბარბარე რაფალიანცის საქმე, მოსამართლის თანაშემწეზე ზეწოლის საქმე და სხვა.

შერმადინის განცხადებით, მათ მოიკვლიეს მიმდინარე წელს გახმაურებულ საქმეებიც, მაგალითად: აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე, გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის საქმე და სხვა:

“აღნიშნული საქმეები რამდენიმე ძირითად კატეგორიად დავაჯგუფეთ: საქმეები, რომლებიც უკანონო თვალთვალთან და მიყურადებასთან არის დაკავშირებული, სამართალდამცავების მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლო შემთხვევები, წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი დაპირისპირებების გამოძიება და სხვა გახმაურებული საქმეები.”

იურისტი აღნიშნავს, რომ ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია ეფუძნება საჯარო წყაროებიდან მოპოვებულ მასალას და შესაძლოა ის არ იყოს საბოლოო.

მისი თქმით, TI-მ მიმართა საქართველოს პროკურატურას მოცემულ საქმეებზე დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუმცა გამოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე საგამოძიებო უწყებამ უარი განაცხადა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” მიიჩნევენ, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეების შესახებ ინფორმაციის სრულად დახურვა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და აჩვენებს, რომ პროკურატურას არ აქვს სათანადო ანგარიშვალდებულების განცდა საზოგადოების წინაშე.

TI პროკურატურის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს მოთხოვნილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, თუმცა დავის დასრულებამდე, იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო უწყებები გააკეთებენ საჯარო განცხადებას იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა ქვემოთ მოყვანილი თითოეული გახმაურებული საქმის გამოძიება.

უკანონო თვალთვალი/ფარული ჩანაწერების გავრცელება

1. ფარული ჩანაწერების არქივი – 2013 წელს შსს-ში უკანონო ფარული თვალთვალის შედეგად მოპოვებული 20 000 ათასზე მეტი ჩანაწერი აღმოჩნდა. ამ ჩანაწერებში (მათ შორის, სამეგრელოს საცავებში აღმოჩენილ ვიდეომასალაში) სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების უწყებების თანამშრომელთა მიერ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები იყო ასახული. როგორც ცნობილია, დღემდე არ არის გამოძიებული წამების ყველა ფაქტი. ასევე არ არის გამოძიებული ტოტალური უკანონო მიყურადების ფაქტები და არ არიან გამოვლენილი უკანონო თვალთვალის სისტემის შემქმნელი პირები. დღემდე საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ გამოძიებასთან დაკავშირებული რამდენიმე ზოგადი ინფორმაცია, მათ შორის, ცალკეულ პირთა მიმართ არსებითი განხილვით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები, 2016 წელს 5 ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ფაქტი, 8 ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმება და ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.

2. „ჰაკიმ ფაშას” სახელით ვიდეომასალის გავრცელება – 2014 წლის 19 მარტს YouTube-ზე ანონიმური პირის, „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილი იყვნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ იუსუპოვი გარდაცვალების შემდეგ. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეო და ფოტომასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის, მ.ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკავებით, რაც პროკურატურისვე განცხადებით კითხვებს ბადებდა. ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგი უცნობია.

3. „რუსთავი 2”-ში ფარული თვალთვალის აპარატურის აღმოჩენა – 2014 წელს „რუსთავი 2”-ში ფარული თვალთვალის აპარატურა აღმოაჩინეს. იმავე წლის 9 მაისს პროკურატურამ გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, აპარატურა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დავალებით დამონტაჟდა. ტელეკომპანიაში ეს ვერსია უარყვეს. საქმესთან დაკავშირებით საბოლოო შედეგი საზოგადოებისთვის არაა ცნობილი.

4. 2013 წლის სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება – 2014 წლის 12 მაისს, იმის დასტურად რომ არსებული ხელისუფლების პირობებშიც ხორციელდება ფარული მიყურადება, „რუსთავი 2”-მა ყოფილი და ახლანდელი მაღალჩინოსნების ფარული მიყურადების მასალები გაასაჯაროა. აუდიოჩანაწერების გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში” გავიდა. გადაცემის თანახმად, ჩანაწერები, რომლებშიც პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და გიგა ბოკერია, ასევე მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ფიგურირებენ, 2013 წლით თარიღდება. ჩანაწერების წარმომავლობასა და გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები არ არის ცნობილი.

5. ჟურნალისტ ეკა მიშველაძის განცხადება მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ – 2015 წელს ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ მასზე და მის მეუღლეზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ განაცხადა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიების საბოლოო შედეგები დღემდე არ არის ცნობილი.

6. უკრაინულ ვებგვერდზე წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება და მათი საჯაროდ ჩვენება – 2015 წელს უკრაინულ ვებგვერდზე წამების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. მოგვიანებით, გავრცელებული კადრები თბილისისა და ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში გაშლილ პროექტორებზე აჩვენეს. კადრების გავრცელებამ და საჯარო ჩვენებამ გააჩინა ეჭვები, რომ მსგავსი ჩანაწერები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენებოდა. კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგი უცნობია.

7. ნიკა გვარამიას განცხადება ფარული ჩანაწერებით მასზე განხორციელებულ შანტაჟსა და ზეწოლაზე – 2015 წელს ტელეკომპანია „რუსთავი2”-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში მასზე განხორციელებული შანტაჟის შესახებ განაცხადა. გვარამიას განცხადებიდან რამდენიმე დღეში, უკრაინული ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გავრცელდა. საქმესთან დაკავშირებით დამდგარი შედეგი საზოგადოებისთვის უცნობია.

8. ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელება და თანმდევი მუქარა – 2016 წლის მარტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც შეიცავდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას. მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეოში პირთა იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ვიდეოები ასევე შეიცავდა მუქარას პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მისამართით, რომ მსგავსი მასალები კვლავ გამოქვეყნდებოდა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ 11 და 14 მარტს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების დამზადებისთვის ხუთი პირი დააკავა, თუმცა კადრების გავრცელების ფაქტზე კონკრეტული პირების ბრალდების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

9. ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელება – 2016 წელს გავრცელდა, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიასა და პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერი. საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შედეგი უცნობია.

10. მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ამსახველი ჩანაწერის გავრცელება – 2016 წელს, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს რევოლუციურ სცენარზე ესაუბრებოდა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შედეგი უცნობია.

სამართალდამცავთა მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლო შემთხვევები

11. ზეწოლა მოსამართლის თანაშემწეზე – 2012 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეზე სპეციალური სამსახურების მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე გაკეთდა განცხადებები. საქმესთან დაკავშირებით გამოძიების საბოლოო შედეგის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს.

12. ზეწოლა წამების მსხვერპლ ყოფილ პატიმარზე – 2013 წელს წამების მსხვერპლმა ყოფილმა პატიმარმა საჩივარი შეიტანა მთავარ პროკურატურაში და მოითხოვა პატიმრობის დროს მის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტების გამოძიება, რომელშიც მხილებულნი იყვნენ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი დირექტორები. ყოფილი პატიმარი აცხადებდა, რომ სამართალდამცველების მიერ მასზე თავდასხმა მოხდა პროკურატურიდან საჩივრის გამოტანის მოთხოვნით. საქმეზე დამდგარი შედეგი უცნობია.

13. პოლიციის მიერ ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტი წალენჯიხაში – 2014 წელს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ წალენჯიხის ბილინგ მენეჯერი პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და სექსუალური ძალადობის მუქარაში ადანაშაულებდა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შედეგი უცნობია.

14. მოხეში მუსლიმთა უფლებების დარღვევის შემთხვევა – 2014 წელს პოლიციამ მოხეში აქციის მონაწილე 14 მუსლიმი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცველებმა ტელეფონები დაუმტვრიეს აქციის მონაწილეებს, რომლებიც ვიდეოკამერით აფიქსირებდნენ ძველი მეჩეთის დემონტაჟს. სამცხე-ჯავახეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მოხეში პოლიციის მიერ შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თუმცა შედეგი უცნობია.

15. პოლიციის დაწესებულებაში სავარაუდო ეთნიკურ ნიადაგზე არასათანადო მოპყრობის შემთხვევა – 2015 წელს გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, ასახულია პოლიციის დაწესებულებაში სავარაუდო ეთნიკურ ნიადაგზე არასათანადო მოპყრობის შემთხვევა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ინფორმაციაზე, რომ ჩხოროწყუში ერთ-ერთი მოქალაქის შეურაცხყოფის მიყენებაში პოლიციელებიც მონაწილეობდნენ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიების შედეგი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

16. კლუბ „ვიტამინის” მენეჯერის განცხადება პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე – კლუბ ვიტამინის მენეჯერის ლიკა კიკიანის მტკიცებით, 6 ივლისს, ღამით, კუს ტბაზე მას პოლიციელებმა სცემეს და ტელეფონი დაუმტვრიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ამ ინფორმაციაზე მოკვლევა მალევე დაასრულა და დაასკვნა, რომ კიკიანის ცემის ფაქტი არ დასტურდება. მოგვიანებით კიკიანის მიმართვის საფუძველზე გამოძიება თბილისის პროკურატურამ დაიწყო. გამოძიების შედეგი უცნობია.

17. ე.წ. რეპერების საქმე – 2017 წლის ივნისში პროექტ „ბირჟა მაფიის” წევრები განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი დაკავება, რეალურად არა ნარკოდანაშაულს, არამედ მუსიკალურ ვიდეოკლიპს უკავშირდება, სადაც პოლიციელია გაშარჟებული. მუსიკოსების დაკავებას მძაფრი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. ამის შემდეგ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ჯგუფის წევრების გამოკითხვის საფუძველზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე. გამოძიების შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი დაპირისპირებები

18. ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობა – 2014 წლის აპრილში ქვეყნის სხვადასხვა ადგილას: ბათუმში, ანაკლიაში, თელავში, წყალტუბოსა და თბილისში ადგილი ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებული შეხვედრების ჩაშლის მცდელობას. ინციდენტებისას ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მანქანებისათვის კვერცხების სროლას. ძალადობრივი აქტების შესახებ გამოძიების შედეგები უცნობია.

19. დაპირისპირება გარდაბანში – 2014 წლის მაისში, გარდაბანში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მოქალაქეთა ჯგუფები. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებდა, რომ დაპირისპირების პროვოცირება „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაბნის ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ მართულმა ჯგუფმა მოახდინა. სხვა ვერსიაზე საუბრობდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომელთა თქმითაც, მათ წარმომადგენლებს ზემოაღნიშნულ რეგიონებში თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები. ჟურნალისტები და თვითმხილველები დაპირისპირების ეთნიკურ მოტივებზე საუბრობდნენ. გამოძიების შედეგი ინციდენტთან დაკავშირებით უცნობია.

20. დაპირისპირება ზუგდიდსა და ბათუმში – 2015 წლის მარტში ზუგდიდსა და ბათუმში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდგომ, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქციის მონაწილეები შენობაში ხელკეტებით შეიჭრნენ, სადაც აქციის მონაწილეები და შენობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ხელჯოხებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საქმეზე გამოძიების საბოლოო შედეგი უცნობია.

21. ძალადობრივი ინციდენტი ახალციხეში – 2016 წლის ოქტომბერში ახალციხეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი აღნიშნავდა, რომ სოფლიდან დაბრუნებისას გუბერნატორმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. საქმეზე გამოძიების შედეგი უცნობია.

სხვა გახმაურებული საქმეები

22. ბარბარე რაფალიანცის საქმე – 2012 წლის 30 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში იპოვეს გარდაცვლილი. არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ. 2014 წელს პარლამენტმა ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა. გამოძიების შედეგი დღემდე უცნობია.

23. ფონდი „კონსტანტას” საქმე – 2011 წელს ფონდი „კონსტანტას“ აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს და მთავარი პროკურატურის შენობაში მიიყვანეს. საქმეში არსებული მთელი რიგი გარემოებები ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ფონდ „კონსტანტას“ მიმართ პროკურორების მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ ქმედებებს. ეს გარემოებები დეტალურად არის აღწერილი 2013-2014 წლებში „კონსტანტას“ მიერ პროკურატურაში შეტანილ საჩივრებში, თუმცა საქმეზე გამოძიების შედეგი ცნობილი არ არის.

24. აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზების საქმე – 2014 წელს მთავარმა პროკურატურამ თავისუფალი უნივერსიტეტისა და „ცოდნის ფონდის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზების საქმეზე მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. საქმესთან დაკავშირებით საბოლოო შედეგი უცნობია.

25. თავდასხმა დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე – 2014 წელს პარლამენტის წევრ ნუგზარ წიკლაურს გამთენიისას მის საცხოვრებელ სახლთან უცნობი პირები დახვდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დეპუტატის თქმით, ადგილი ჰქონდა მისი გატაცების მცდელობასაც. საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შედეგი ცნობილი არ არის.

26. „საბურავების საქმე” – 2014 წელს შსს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” „ევრომაიდანის სცენარს“ ამუშავებდა და ამ მიზნით უკვე დაწყებული იყო საბურავების მომარაგება. იმავე წლის სექტემბერში მინისტრმა საკითხზე კვლავ ისაუბრა და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში დესტაბილიზაციას კვლავ გეგმავდა და მას ამის მტკიცებულებები ჰქონდა. რა შედეგით დასრულდა გამოძიება, უცნობია.

27. გამოძიება „სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად“ შეთქმულების მუხლით – 2015 წელს უკრაინულმა საიტმა გაავრცელა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და რუსთავი 2-ის დირექტორ ნიკა გვარამიას შორის, ასევე სააკაშვილსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივან გიგა ბოკერიას შორის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება „სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად“ შეთქმულების მუხლით. სუს-ში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. გამოძიების შედეგი ცნობილი არ არის.

28. მუქარა გიორგი პაპუაშვილის ოჯახის წევრების მიმართ – 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრებმა უცნობი პირისგან მიიღეს მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი სატელეფონო შეტყობინება. განცხადებაში მითითებული იყო, რომ აღნიშნული პირის ვინაობის დადგენის მიზნით, სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება. საქმესთან დაკავშირებით საბოლოო შედეგი უცნობია.

29. ზეწოლა რეგიონულ მედიაზე – უკანასკნელი 3 წლის მანძილზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეგიონულ მედიაზე ზეწოლის 15-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა დაკავშირებითაც გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი არაა. ასევე, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია 2012 წელს სტუდია მონიტორის გაძარცვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები.

30. მოსამართლეთა ტესტების გამჟღავნების საქმე – 2016 წლის თებერვალში პროკურატურამ 2015 წლის 21-28 ნოემბერს ჩატარებული მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გაჭიანურებული გამოძიება აჩენს კითხვებს მოსამართლეებზე შესაძლო ზეგავლენის თაობაზე, საქმის შედეგი ამ დრომდე უცნობია.

31. ბრალდებები თედო კობახიძის წინააღმდეგ – თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე ხელფასის გამოძალვაში საკრებულოს ყოფილმა თანაშრომელმა ბადრი ჯავახიშვილმა 2016 წლის 12 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავის 2”-ში გასულ გადაცემა P.S.-ში დაადანაშაულა. ჯავახიშვილის განმარტებით, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე საკრებულოში მას ხელფასიდან ფულის გადახდას აიძულებდა. მოგვიანებით, თედო კობახიძის საქმიანობას კიდევ ერთი სკანდალი დაუკავშირდა. 2016 წლის 12 დეკემბერს იმავე გადაცემის საშუალებით, საკრებულოს იურიდიული კომისიის მთავარმა სპეციალისტმა იურიდიულ კომიტეტში ფიქტიურად დასაქმებულ პირებზე ისაუბრა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები უცნობია.

32. თავდასხმა შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეზე – 2017 წლის აპრილში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ. შემთხვევა ხვედელიძის სახლთან მოხდა. საქმეზე გამოძიების შედეგი ცნობილი არ არის.

33. თავდასხმა გენერალურ აუდიტორზე – 2017 წლის მაისში, ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულის განცხადებით თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. როგორც ცნობილი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. 2017 წლის 22 მაისს შსს-მ საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნდა, თუმცა, დღემდე უცნობია, წარედგინა თუ არა ბრალი რომელიმე პირს საქმესთან დაკავშირებით.

34. აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე – აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის დარღვევის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებებით. მოგვიანებით შსს მინისტრმა განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით ნიკოლეიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, ოთარ კუპრაშვილი თანამდებობას დატოვებდნენ. აფგან მუხთარლის გაუჩინარებას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა გამოძიების შედეგი ჯერაც არაა ცნობილი.

“საერთაშორისი გამჭვრცალობა – საქართველოს” განცხადებით, უკანასკნელ წლების გახმაურებული საქმეების შესახებ საჯაროდ არსებული ინფორმაცია აჩენს კითხვებს სამართალდამცავი უწყებების არაეფექტიანი და ზოგიერთ შემთხვევაში, შერჩევითი რეაგირების შესახებ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლამდე ჩადენილი გახმაურებული დანაშაულების დიდ ნაწილში კონკრეტულ მაღალი თანამდებობის პირებს ბრალი წარედგინათ, სისტემურ დანაშაულებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა არ მომხდარა. არსებობს ეჭვი, რომ ისინი, შესაძლოა, დღესაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დროულად გასაჯაროვდეს ინფორმაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ყველა საქმეზე დამდგარი შედეგის შესახებ. TI ასევე მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რომ დაინტერესდეს გახმაურებულ საქმეების გამოძიებებით და საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში მთავარი პროკურორისაგან მოისმინოს ინფორმაცია მათი მიმდინარეობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი