ახალი ამბები

UNM: ოლიგარქი ივანიშვილი სწორედ კრემლის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს

22 მარტი, 2014 • • 980
UNM: ოლიგარქი ივანიშვილი სწორედ კრემლის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს

“კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით წარმოებული პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანია ახალ ფაზაში შევიდა: საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 27 მარტს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების შესახებ განაცხადა. პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ფაქტიური დევნის დაწყება – რასაც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებაც მოწმობს მასზე ძებნის შესაძლო გამოცხადების შესახებ – შესაძლოა, მნიშვნელოვან წყალგამყოფად იქცეს საქართველოში დემოკრატიის მიმდინარე უკანდახევის კონტექსტში და ჩვენი ქვეყნის სვლას ნატოსა და ევროპის კავშირისკენ სერიოზული ზიანი მიაყენოს.

მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ განცხადებას წინ უძღოდა მთავრობის აგრესიული ნაბიჯები დამოუკიდებელი მედიის ფინანსურად გასანადგურებლად და ოპოზიციის წევრთა დაპატიმრებებისა და დაკითხვების ახალი ტალღა.

“ქართული ოცნების” ლიდერებს, მათ შორის ყოფილ, პასუხისმგებლობას გაქცეულ და ამჟამინდელ პრემიერებს არაერთხელ განუცხადებიათ იმის შესახებ რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება მთავრობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს. პოლიტიკური დევნის კამპანიის წელიწადნახევარმა ცხადად აჩვენა, რომ საქართველოს პროკურატურა გამოიყენება კონკრეტული, პოლიტიკურად მიუღებელი პიროვნებების გარშემო საქმეთა „შესაკერად“ და არა ობიექტური რეალობის დასადგენად. 

დასავლელი პარტნიორები საქართველოს მუდმივად ურჩევენ პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანიის შეწყვეტას და იანუკოვიჩის გზის არგამეორებას. არაერთ ევროპელ ლიდერს აღუნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დევნის დაწყება ის წითელი ხაზია, რომლის გადალახვაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს სვლას ევროპული ოჯახისკენ. კერძოდ, სერიოზული საფრთხე შეიძლება შეექმნას ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ნატოში გაწევრიანების პროცესს, რაც მხოლოდ და მხოლოდ აგრესორ სახელმწიფოს – რუსეთს – აძლევს ხელს. 

დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მიმდინარეობს ცივილიზებული სამყაროს ქმედითი ზომების გამომუშავება უკრაინაში რუსეთის აგრესიის ასალაგმად და ვლადიმერ პუტინის დასასჯელად, საქართველოს სჭირდება არა შიდა დაპირისპირება და რევანშიზმი, არამედ გაერთიანება და კონსოლიდაცია. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უკრაინის საკითხზე დასავლეთის ყურადღების მობილიზაციაში და პოზიციების ჩამოყალიბებაში, ბუნებრივად მოდის წინააღმდეგობაში პუტინის ინტერესებთან. სწორედ ამ გადამწყვეტ მომენტში მის წინააღმდეგ ფაქტობრივი დევნის დაწყება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირად ანგარიშსწორებაზე მეტყველებს, არამედ ეჭვს აღარ ტოვებს, რომ ოლიგარქი ივანიშვილი სწორედ კრემლის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს დაიცავს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ და არ მისცემს საშუალებს ოლიგარქ ივანიშვილს, შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული განვითრება და შეუქცევადი გამოსვლა რუსეთის გავლენის სფეროდან”.– ნათქვამია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი