ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ (ვერ) დაეხმარება “ოცნებიდან” სალომე ზურაბიშვილს ფინანსურად

11 სექტემბერი, 2018 • 3623
ვინ (ვერ) დაეხმარება “ოცნებიდან” სალომე ზურაბიშვილს ფინანსურად

დააფინანსებენ თუ არა “ქართული ოცნების” წევრები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას? ამ კითხვით ნეტგაზეთმა პარტიის რამდენიმე წევრ დეპუტატს მიმართა, რომლებიც პოლიტიკაში წასვლამდე საზოგადოებაში ბიზნესსაქმიანობით იყვნენ ცნობილნი:

ბექა ოდიშარიას თქმით, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს, სავარაუდოდ, ფინანსურად დაეხმარება. ოდიშარია შპს ანაბაზისის მესაკუთრეა. ხოლო შპს ძველ დედაქალაქში 10% – იან წილს ფლობს.

“ფინანსურ დახმარებას ნამდვილად არ გამოვრიცხავ. დიდი ალბათობით დავეხმარები კიდეც. სალომე ზურაბიშვილს მხარს ვუჭერ”.

“ქართულ ოცნებას” დამოუკიდებელი კანდიდადი რომ ჰყოლოდა, ბუნებრივია,  მისთვის გარკვეულ ფინანსურ რესურსს გამოვყოფდი. ლოგიკურია, თუ იმ კანდიდატს, რომელსაც ჩვენი პარტია მხარს უჭერს, გარკვეული ფინანსურ დახმარებას გავუწევთ. შემიძლია ჩვენს შემომწირველებს მოვუწოდო დავეხმაროთ მას”, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

პარლამენტის კიდევ ერთი წევრის, ყოფილი ბიზნესმენის შოთა შალელაშვილის თქმით, მიმართვის შემთხვევაში, შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ერთ – ერთი დამფინანსებელი გახდეს.

“სალომე ზურაბიშვილი კარგი კანდიდატია. მას ჩვენ მხარს ვუჭერთ. ფინანსური დახმარების საკითხზე ჩემთვის არ მოუმართავთ… თუ ქალბატონი სალომე დაფინანსებასთან დაკავშირებით მომმართავს, ამ საკითხზე აუცილებლად ვიფიქრებ”, – ამბობს შალელაშვილი.

სალომე ზურაბიშვილისთვის ფინანსური დახმარების გაწევისთვის მზად არის წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი. ოქრიაშვილი განმარტავს, რომ პარტიაში ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხი არ განუხილავთ. 2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ოქრიაშვილი სს ელექტრონიკა 94-სა და სს პსპ დაზღვევაში აქციებს ფლობს. გარდა ამისა, ოქრიაშვილი რამდენიმე კომპანიის მესაკუთრეა, ხოლო  შპს ჯისითი ინჟინერინგში 37,5% წილს ფლობს.

“ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ სიამოვნებით დავეხმარები, რატომაც არა. არა მარტო ფინანსურად, არამედ, ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია ჩემი მხარდაჭერა მაჟორიტარულ ოლქში,” – ამბობს კახაბერ ოქრიაშვილი.

სამშენებლო კომპანია “არქი ჯგუფის” ყოფილი დირექტორი და 59% – იანი წილის მფლობელი ივლიანე წულაია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის კამპანიის დაფინანსების საკითხზე არ უფიქრია. “ქართული ოცნების” წევრი განმარტავს, რომ ფინანსური დახმარების საკითხზე გადაწყვეტილებას გუნდში მსჯელობის შემდეგ მიიღებს.

“ფინანსური დახმარების საკითხზე არ მიფიქრია. გუნდი რა პოლიტიკურ პოზიციასაც დაიჭერს, რა თქმა უნდა, იმ პოზიციაზე ვიქნები მეც. ამ ეტაპზე მაგაზე პასუხი არ მაქვს. პარტიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მხარს უჭერს… რომელ რეგიონშიც ვარ მაჟორიტარი, როდესაც აქ ქალბატონ სალომეს შეხვედრები ექნება, მასთან ერთად ჩავატარებ საარჩევნო კამპანიას. ფინანსურ მხარეზე საუბრი არც ყოფილა და არც მიფიქრია. ისე რატომაც არა, ამაშიც ვერ ვხედავ ცუდს,” – ამბობს პარლამენტის წევრი.

გურჯაანის მაჟორიტარის, დავით სონღულაშვილის თქმით,  ის “ქართული ოცნების” შემომწირველი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც არ ყოფილა. მეტიც, როგორც ის ამბობს, 2016 წელს საკუთარი საარჩევნო კამპანია თავად დააფინანსა. მაჟორიტარი დეპუტატი დაფინანსების საკითხზე “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას დაელოდება.

“[სალომე ზურაბიშვილის] დაფინანსების საკითხი არც განმიხილავს. პარტიის შიგნით ამ საკითხის განხილვა არ ყოფილა.. გუნდის წევრი ვარ და, შესაბამისად, გუნდურ გადაწყვეტილება მხარს დავუჭერ, მაგრამ… ასეთი ტიპის განხილვა არ ყოფილა. როცა ამ საკითხს გუნდში განვიხილავთ, მერე გავაკეთებ კომენტარს”, – ამბობს სონღულაშვილი.

“მე მის [სალომე ზურაბიშვილის] საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში რა წვლილი უნდა შევიტანო?! სად მაქვს მაგის სახსრები, რომ მე მისი დაფინანსება შევძლო“, – განუცხადა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ რადიო მოზაიკის კითხვას პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

უცნობია, დააფინანსებს თუ არა ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას ბიძინა ივანიშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” ყველაზე შეძლებული წევრია. Forbes – ის მიხედვით, ივანიშვილის კაპიტალი 4 მილარდ დოლარს აღემატება.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა “ქართულმა ოცნებამ” 10 სექტემბერს გამოუცხადა.

“ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა მანამდე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ამა თუ იმ კანდიდატისადმი მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატოს ფინანსური რესურსის მიმართვაში ამ კანდიდატის საარჩევნო ფონდში.

“სალომე ზურაბიშვილს თუ “ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს, მეც დავუჭერ“, – განუცხადა მაკრახიძემ რადიო მოზიკას.

იოსებ მაკრახიძე შპს “იბოლიას” მეწილეა. ის  “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კი გორში  “ქართული ოცნების”  მაჟორიტარი გახდა.

მმართველმა პატრიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ოფიციალურად დაუჭირა.

ამავე თემაზე გირჩევთ

მამუკა მდინარაძე განმარტავს, როგორ დაეხმარება “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი