ახალი ამბები

გიგა ბოკერია: მთავრობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს ოპონენტების დევნა

22 მარტი, 2014 • • 1126
გიგა ბოკერია: მთავრობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს ოპონენტების დევნა

გიგა ბოკერია ამჟამად ბრიუსელში იმყოფება, მასთან ერთადაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც. სააკაშვილი ბრიუსელში გამართულ ფორუმში მონაწილეობს. 

 

“მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი, საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში, საქართველოს ყველა პარტნიორი და ევროპული თავისუფლების და უსაფრთხოების გულშემატკივარი ფიქრობს იმაზე, როგორ უპასუხოს რუსეთის აგრესიას ჩვენს რეგიონში, რომელიც ჩვენ პირდაპირ საფრთხეს გვიქმნის და მიხეილ სააკაშვილიც ამ ფორუმზე ამით იყო დაკავებული, ჩვენი მთავრობა აგრძელებს და თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს ოპონენტების პოლიტიკური დევნა. ის, რა ფორმითაც მოხდა სააკაშვილის დაბარება, ყველა საქმის უცებ ერთად წამოწევა და თარიღის გამოცხადება, არის ამის დემონსტრირება, რომ ჩვენთან სავარაუდო დანაშაულების გამოძიება კი არ ხდება, რომ შეიძლება მერე ვიღაც ფიგურა გამოიკვეთოს, არიან იდენტიფიცირებული ფიგურები და სააკაშვილი თავიდანვე იყო როგორც ფიგურა, რომლის გარშემოც შემდეგ “კერავენ” და საქმეების ფაბრიკაციას ახდენენ, შემდეგ – დაკვეთას პროკურატურის და ზეწოლას სასამართლოზე. 

 

ეს არის ძალიან სახიფათო გზა, ეს არის ის ნაბიჯები, რომელსაც იანუკოვიჩი დგამდა მშვიდობიან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ეს გზა ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ამ ხელისუფლებას და ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისათვის. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია გრძელი გზაა, ასოცირების ხელშეკრულება ერთი ნაბიჯია ამ გზაზე. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იქნა კარგა ხნით ადრე, ამ ხელისუფლების მოსვლამდე და შეიძლება ახლა სრულდებოდეს, უბრალოდ, ამ გზაზე ამ ტიპის ნაბიჯები იქცევა ძალიან დიდ ბარიერად საქართველოსთვის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. თან პრეზიდენტის დაკავება ხდება ამ კონტექსტში, რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ,– მედიის წინააღმდეგ გადადგმული ძალიან უხეში ნაბიჯები, პირდაპირი ფაბრიკაცია ჟვანიასთან დაკავშირებული სამარცხვინო საქმის, ამ მასალების გაჟონვა ძალიან ეგზოტიკური სახელების ქვეშ. ეს არის ფრონტალური შეტევა, რასაც ჰქვია საქართველოში დემოკრატიული ტრადიცია. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და უსაფრთხოების საკითხებში ავტომატურად ხელს შეუშლის”.–განაცხადა გიგა ბოკერიამ “პირველ არხთან” საუბრისას. 

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სააკაშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იბარებს, თუმცა იგი ამ დროისთვის საქრთველოში არ იმყოფება. სააკაშვილი პროკურატურაში 27 მარტს უნდა გამოცხადეს 13:00 საათზე. პროკურატურის ცნობით, უწყება გიული ალასანიას  ჩაბარდა. უცნობია, აპირებს თუ არა სააკაშვილი პროკურატურასთან თანამშრომლობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი