ახალი ამბები

ჟვანიას საქმეზე მერაბიშვილი დაიკითხა

22 მარტი, 2014 •
ჟვანიას საქმეზე მერაბიშვილი დაიკითხა

პროკურატურის ცნობით, დაკითხვისას ივანე მერაბიშვილმა ვერ გაიხსენა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და გამოძიების შეკითხვაზე განმარტა, რომ მის მიერ 2005 წლის 3 თებერვალს გამართული ბრიფინგის დროს მან ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზად დაასახელა ბუნებრივი აირით მოწამვლა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი თავად გახლდათ შემთვევის ადგილზე მისული, სადაც იყო ნამწვის სუნი, ხოლო საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ვერაფერს იხსენებს.

 

2005 წლის 3 თებერვალს ივანე მერაბშვილმა ზურაბ ადეიშვილთან ერთად აცნობა საზოგადოებას მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება და საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მომხდარი უბედურ შემთხვევად შეაფასა. ასევე,  წინასწარ დაასახელა გარდაცვალების მიზეზები და განმარტა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და რომ გარდაცვალება ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად იყო გამოწვეული.

 

“ბრიფინგი დილის 08:38 წუთზე გაიმართა, არადა ამ დროს ექსპერტიზის დასკვნა არათუ დაწერილი, არამედ გვამების გამოკვლევაც კი დაწყებული არ ყოფილა, ვინაიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება დაიწყო 2005 წლის 3 თებერვლის  დილის 9 საათზე, რასაც 20 წუთით უსწრებს ვანო მერაბიშვილის ბრიფინგი. გარდა ამისა, ივანე მერაბიშვილი უშუალოდ იყო მისული შემთხვევის ადგილზე, იქ, სადაც ნანახი იქნა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გვამები,” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 2012 წლის ნოემბრიდან განახლდა. 2014 წლის 19 მარტს youtube-ზე ანონიმურად გავრცელდა ვიდეო, რომელიც აწყობილია ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტომასალით. ცხედრებზე არის დაზიანებები. პროკურატურაში დაადასტურეს, რომ ეს არის აუთენტური ფოტომასალა. ფოტომასალის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ დააკავა ექსპერტი ლევან ჩაჩუა და ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მალხაზ ძაძამია. ასევე, გამოძიების ფარგლებში დაიკითხა რამდენიმე პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი