“ამ მასალებს ვინახავდი მე და ჩემი წინამორბედი და ჩვენ ზოგადად ვინახავდით ამას სეიფში სწორედ და არა youtube-ზე”, – განაცხადა ზოდელავამ გადაცემა “პოზიციაში”.
ზოდელავას თქმით, პროკურატურა აცხადებს, რომ აღმოაჩინა სურათები, რომელიც ადასტურებს, რომ გამოძიების აქამდე არსებული ვერსია მცდარია და იყო ძალადობრივი მოქმედებები:
“თუ აღმოაჩინეს რამე გაურკვეველი მასალა წლინახევრის წინ, რადგან ჩემი კაბინეტი და სეიფი გადაიბარა ახალმა პროკურორმა სწორედ 18 თვის წინ, თუ იქ რამე იყო სკანდალური, მნიშვნელოვანი, სიახლის შემტანი გამოძიების არსებულ ვერსიაში, ბუნებრივია, ამის გასაჯაროება მაშინვე მოხდებოდა. კიდევ უფრო დიდი აბსურდი აქ არის ის, რომ დღეს ცდილობენ დამიმტკიცონ, რომ მე დავუტოვე არჩილ კბილაშვილს მათ შორის ჩემი მამხილებელი მასალა. თუ იყო რაიმე მასალა, მე ეს საქმისთვის უნდა დამერთო და სხვა ვერსიაზეც ყოფილიყო მუშაობა და მე ეს არ გავაკეთე, ე.ი. მე ჩავიდინე დანაშაული და მათ ეს 18 თვის წინ იცოდნენ. ეს ნიშნავს, რომ მე ვარ, ბოდიში და, იდიოტი. უკაცრავად, მაგრამ ბრალდებას, რომ მე დავუტოვე არჩილ კბილაშვილს ჩემი და მთელი გუნდის მამხილებელი მასალა, მე არ მაქვს არანაირი IQ და ვარ იდიოტი, ვერ მივიღებ”, – აცხადებს მურთაზ ზოდელავა.
მისივე განცხადებით მასალა, რომელიც მან სეიფში დატოვა, შეიცავდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფირს და ფოტომასალას ელექტრონული სახით, ორივე გვამის შესახებ სამედიცინო ექსპერტიზას და მასალას იმ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, რასაც პროკურორები, გამომძიებლები, ასევე ზურაბ ჟვანიას ოჯახის ახლობლები და მეგორებიც ესწრებოდნენ. ზოდელავას თქმით, ეს მასალები ინახებოდა მის სეიფში, რადგან ეს სეიფი იყო ყველაზე დაცული სივრცე ამ მასალის შესანახად.