ახალი ამბები

“თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” კანონი შეიცვალა

21 მარტი, 2014 • • 2403
“თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” კანონი შეიცვალა

პარლამენტმა ასევე აღნიშნული კანონპროექტის თანმდევი კანონპროექტებიც დაამტკიცა. კერძოდ, ცვლილებები “საგადასახადო კოდექსში”, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონში, “წიაღის შესახებ” კანონში, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შევიდა.

 

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, “კანონპროექტის მიზნებია თავისუფალი კონკურენციისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, კონკურენციის მარეგულირებელი ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება, დამოუკიდებელი სტრუქტურის – კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბება, რომელიც ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრის წინაშე იქნება, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ეკონომიკური აგენტების ინტერესების დაცვა, კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დროული და სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა და სხვა.”

 

კანონპროექტის თანახმად, იცვლება კანონის სათაური და მას “კონკურენციის შესახებ” კანონი ეწოდება, ასევე ზუსტდება კანონის მოქმედების სფერო, კერძოდ, კანონი ვრცელდება: “ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და მისი თანამდებობის პირის ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე, რომელიც, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს ან/და შეუძლია გამოიწვიოს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა და აღკვეთა ქვეყნის სასაქონლო და მომსახუარების ბაზრებზე.”

 

გარდა ამისა, კანონი ვრცელდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ განხორციელებულ ქმედებაზე, რომელიც გავლენას ახდენს და ზღუდავს კონკურენციას ქვეყნის შიდა ბაზარზე, ან/და იწვევს კონკურენტული გარემოს არსებით გაუარესებას.

 

კანმონპროექტით განსაზღვრულია ის სფეროებიც, რომლებზეც კანონი არ ვრცელდება. კერძოდ, ეს სფეროებია: შრომითი ურთიერთობები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ უფლების გამოყენება ხდება კონკურენციის შეზღუდვისა და აღკვეთის მიზნით და “ფასიანი ქაღალდების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ურთიერთობები, თუ ისინი გავლენას არ ახდენენ ქვეყნის სასაქონლო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე ან/და არ ზღუდავს მას.

 

კანონპროექტით გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. ისვე  სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან. 

 

“კანონპროექტით უზრუნველყოფილია სააგენტოს ფუნქციებისა და უფლებამოსილების ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების სათანადო პრაქტიკასთან შესაბამისობა,”-აღნიშნულია განამრტებით ბარათში.

 

კანონპროექტით, ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრა ხდება შესაბამის ბაზარზე მისი საბაზრო წილის, კონკურენტი ეკონომიკური აგენტების ფინანსური მდგომარეობის, ბაზარზე შესასვლელი ან წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. იგი სააგენტოს მიერ ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების გათვალისწინებით განისაზღვრება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ჯგუფური დომინირების განმსაზღვრელი კრიტერიუმების დადგენას.

 

ცვლილება შედის კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების განმსაზღვრელ ნორმაში და ის ახალი რედაქციით ყალიბდება, რომელიც, კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობას შეესაბამება. ამასთან, კანონით გათვალისწინებულ კონკურენციის შემზღუდველ ხელშეკრულებებს, გადაწყვეტილებებსა და შეთანხმებულ ქმედებებს ემატება ისეთი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ბაზრის მომხმარებლის, ტერიტორიული, ან სხვა ნიშნის გადანაწილებას.

 

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველი ხელშეკრულებების განმსაზღვრელი კრიტერიუმების ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. კერძოდ, კონკურენციის უმნიშნელოდ შემზღუდველ ხელშეკრულებად განისაზღვრება:


1) ჰორიზონტალური ხელშეკრულება, რომლის მხარეთა ერთობლივი წილი შესაბამის ბაზარზე აღემატება 10 პროცენტს. 


2) ვერტიკალური ხელშეკრულება, რომლის თითოეული მხარის წილი შესაბამის ბაზარზე არ აღემატება 15 პროცენტს,


3) ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ხელშეკრულებების მახასიათებლებს და რომლის თითოეული მხარის წილი შესაბამის ბაზარზე არ აღემატება 10 პროცენტს.

 

განმარტებითი ბარათის თანახმად,   კანონპროექტით უზრუნველყოფილია კანონით დაწესებული გამონაკლისების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა. კერძოდ, კანონპროექტით კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისები დგინდება იმ შეთანხმებების, გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებული ქმედებების მიმართ, რომელიც ხელს უწყობს საქონლის წარმოების ან მიმოქცევის გაუმჯობესებას, ტექნიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, ამასთანავე, უზრუნველყოფს მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას, თუ ამგვარი შეთანხმება: ა) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ უწესებს შეზღუდვებს, რომლებიც არ უკავშირდება ზემოთ აღნიშნული მიზნების მიღწევას და  ბ) ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას არ აძლევს, აღკვეთონ კონკურენცია შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილზე. კონკურენციის შემზღუდავი ქმედებებიდან გამონაკლისებს საქართველოს მთავრობა ადგენს გარკვეული ვადით.

 

გარდა ამისა, კანონის მოქმედ რედაქციას ემატება შემდეგი აკრძალული ქმედებები: ა) სახელმწიფოის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შერწყმა, ან სხვა სახის სამეწარმეო სტრუქტურების შექმნა, თუ ეს იწვევს კონკურენციის შესუსტებასა და შეზღუდვას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ბ) საქონლის წარმოების ან/და რელიზაციის მონოპოლიზების მიზნით სახელმწიფო სტრუქტურების შექმნა, ან არსებული სტრუქტურებისთვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც იწვევს კონკურენციის შეზღუდვას, გარდა კანონით გათვალსიწინებული შემთხვევებისა.

 

კანონპროექტში დეტალურადაა განმარტებული “კონცენტრაცია”, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური აგენტების შერწყმას, ან ფასიანი ქაღალდების, აქტივების წილის შეძენით ან სხვა საშუალებით ეკონომიკურ აგენტზე, ან მისი ბიზნესის ნაწილზე პირდაპირი ან ირიბი კონტროლის მოპოვებას იმ პირის მიერ, რომელიც უკვე აკონტროლებს სულ მცირე ერთ ეკონომიკურ აგენტს. კონცენტრაციად ასევე განიხილება ერთი და იმავე პირის მონაწილეობა სხვადასხვა ეკონომიკური აგენტის მმართველ ორგანოებში. კანონპროექტით გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კონცენტრაცია დაუშვებელია. კერძოდ, კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს სასაქონლო(ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის), ან მომსახურების ბაზარზე და რომლის შედეგია დომინირებული მდგომარეობის მოპოვება ან გაძლიერება, დაუშვებელია.

 

კანონპროექტის შესაბამისად, სააგენტო ადგენს ზღვრულ ოდენობას, რომლის გადაცილების შემთხვევაში ეკონომიკური აგენტი ვალდებული ხდება კონცენტრაციამდე შეტყობინება გაუგზავნოს სააგენტოის და სააგენტოს დასკვნა კონცენტრაციამდე არის სავალდებულო, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო რეესტრი ვალდებულია უარი თქვას კონცენტრაციაზე.

 

კანონპროექტით რეგლამენტირებულია კონცენტრაციის ის შემთხვევები, როდესაც აუცილებელია ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენციის სააგენტოსთვის შეტყობინების გაგზავნა, ასეთ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია ერთი თვის ვადაში განიხილოს შეტყობიენბა და აცნობოს განმცხადებელს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. საქმის სირთულიდან გამომდინარე ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუემეტეს 2 კვირით, ხოლო პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად ჩაითვლება.

 

კანონის მოქმედ რედაქციას ემატება არაკეთილსინდისიერი კონკურენციიის რეგლამენტაცია. ასეთი კონკურენციის გამოვლინებად ითვლება ეკონომიკური აგენტის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტებისა და მომხმარებლების ინტერესებს. ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკურ აგენტებს შესაძლებლობა ეძლევათ წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რა ქმდება შეიძლება იქნას მიჩნეული არაკეთილსინდისიერ კონკურენციად.

 

ცვლილებებით იკრძალება სახელმწიფო დახმარება ფორმით, რომელიც აფერხებს კონკურენციას, ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას. შესაბამისი ნორმით დაშვებულია სახელმწიფო დახმარება სააგენტოს ნებართვის გარეშე, რომელიც 1) გაიცემა ინდივიდუალური მომხმარებლისთვის სოციალური დახმარების სახით და არ გამოიწვევს შესაბამისი საქონლის/მომსახურების მწარმოებელთა დისკრიმინაციას. 2) მიზნად ისახავს სტიქიური მოვლენებისა და ფორსმაჟორული გარემოებებით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრას. 3) მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას. 4) მიზნად ისახავს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას. 5) გაიცემა ინდივიდუალური დახმარების მიზნით, უმნიშვნელო ოდენობით. ასევე, სააგენტოს ნებართვით დაშვებულია სახელმწიფო დახმარება, რომელიც მნიშნელოვნად არ ზღუდავს კონკურენციას, ან არ ქმნის მისი მნიშვნელოვნად საშიშროებას და რომელიც გაიცემა 1) გარკვეული რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის. 2) კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით.

 

სააგენტოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც კანონპროექტით აქვს მინიჭებული, არის ის, რომ დამოუკიდებლად (საჩივრის/განცხადების მიღების გარეშე) შეუძლია მოკვლევის დაწყება. ამასთან, უქმდება განმცხადებლის ან მომჩივანის მიერ განცხადების ან საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური. ასევე, 6 თვიდან 3 თვემდე მცირდება სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის დაწყების შემდეგ გადაწყვეტილების მიღების ვადა, რომელიც სირთულეების გათვალისწინებით შესაძლოა 10 თვემდე გაიზარდოს. მოქმედი რედაქციით ეს ვადა 15 თვეა. ასევე, პირი, რომლის საქმეც განიხილება, უფლებამოსილია აცილება მისცეს შესაბამისი სააგენტოს უფლებამოსილ პირს, თუ ის განსახილველი საკითხითაა დაინტერესებული.

 

რაც შეეხება ჯარიმებს. მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმა განისაზღვრება წინა წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის მიერ მიღებული მოგების 10 პროცენტით, ან წლიური ბრუნვის 2 პროცენტით. ხოლო წარმოდგენილი ცვლილებებით კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში დაწესებული ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ბრუნვის 10 პროცენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი