ახალი ამბები

“იბერიის” თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

10 სექტემბერი, 2018 • 2404
“იბერიის” თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ტელეკომპანია “იბერიის” თანამშრომლებმა დღეს, 10 სექტემბერს, კანცელარიასთან აქცია გამართეს. აქციას წინ უძღოდა ტელეკომპანიის მხრიდან მაუწყებლობის დროებით შეწყვეტა. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილის თქმით, დღევანდელ აქციაზე “იბერიის” თანამშრომლებმა ხელისუფლების ქმედებები გააპროტესტეს. საინფორმაციო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ხელისუფლება “იბერიის” დამფუძნებლებზე ზეწოლას ახორციელებს და ამ ზეწოლის მთავარი მიზანია, ტელეარხმა მაუწყებლობა შეწყვიტოს.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს დამფუძნებლებზე არის ზეწოლა, რათა მოხდეს ტელეკომპანიის გადაცემა. როგორც ჩანს, ჩვენი მედიასაშუალება ხელისუფლებას აღიზიანებს და ამიტომ უნდათ, “იბერიამ” მაუწყებლობა შეწყვიტოს. ეს პირველი შემთხვევა არ არის. შვიდი თვის წინ ჩვენ განცხადება გავაკეთეთ, რომ “ომეგა” ჯგუფზე ზეწოლა ხდებოდა. კომპანიაზე ფინანსური დარტყმა განხორციელდა, რათა ტელეკომპანიას მაუწყებლობის გაგრძელება ვეღარ მოეხერხებინა”, – განუცხადა ვახო ხუზმიაშვილმა “რადიო თავისუფლებას”.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მაუწყებლობას იქამდე გააგრძელებენ, სანამ ამის რესურსი ექნებათ.

“სამწუხაროდ, როგორც პოლიტოლოგსა და ჟურნალისტს, მიწევს განცხადების გაკეთება, რომ “ქათული ოცნება” თავისუფალი სიტყვის მტერია. ის ცდილობს წაართვას საზოგადოებას თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედია”, – განაცხადა აქციაზე ტელეკომპანიის ჟურნალისტმა და წამყვანმა არჩილ გამზარდიამ.

“იბერიამ”  7 სექტემბერს განაცხადა მათი დამფუძნებლებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნის შესახებ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ომეგა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც “იბერია” შედის, პარალიზებულია. თუმცა ხუზმიაშვილს არ უთქვამს, კონკრეტულად რა სახით ეზღუდება მუშაობა ომეგა ჯგუფს.

ვითარება ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმაც შეაფასა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება კომპანიაზე ზემოქმედებას ცდილობს, თავად კი კონსულტაციებს უცხოეთში გადის.

გუშინ, 9 სექტემბერს “რუსთავი 2”  – მა სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში სავარაუდოდ ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ. გასაჯაროებულ  საუბარში “იბერიაც” არის ნახსენები. ერთ-ერთი პირი, რომელიც, რუსთავი 2-ის ცნობით, სავარაუდოდ ყოფილი მინისტრია, ამბობს, რომ “იბერია” რუსთავი 2-ზე” უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა “პროლემებში ტელევიზიის გაცვლაზე”. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ომეგა ჯგუფს ბიუჯეტის მიმართ აქვს 50 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება და ბიზნესჯგუფი ამ დავალიანებას უკვე დიდი ხანია არ იხდის. ომეგა ჯგუფი ხელისუფლებას ამ ვალის რესტრუქტურიზებასა და შეღავათებს სთხოვს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ ტელეკომპანია “იბერია” ხელისუფლების მიმართ კრტიკულია. ტელეკომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ეს პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი