ნეტგაზეთი | “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს – Netgazeti
RU | GE  

“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

მმართველი პატრია საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ეს გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ დღეს, 9 სექტემბერს მიიღო.

ის, თუ რატომ დაუჭირა მმართველმა გუნდმა მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.

“ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ქართული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძისა და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი, მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრობის პოსტზე მოღვაწეობისას მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა. რამდენიმეწლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში ის თავგამოდებით იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სამართლიანობის დასაცავად. ის იყო საქართველოს პარლამენტის ღირსეული წევრი და ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. მას ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური, ასევე, დიპლომატიური გამოცდილება და მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი.

ჩვენ ვფიქრობთ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამკვიდროს ახალი ტრადიცია ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში; მას შეუძლია პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით. ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭირონ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განმარტება იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, სრულად შეესაბამება ქართული ოცნების პოზიციას.

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის დახმარებით და თანადგომით სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში.

დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა “ქართულმა ოცნებამ” მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საკუთარი კანდიდატი პრეზიდენტობის არჩევნებზე არ დაუსახელებიათ.

პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, რომ მისი პირადი პოზიციაა “ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატი არ დაასახელოს.

როგორც ივანიშვილმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტევრიუში თქვა, თუ ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი გამოჩნდება, მისი პოზიციაა, რომ “ოცნებამ” მას დაუჭიროს მხარი, ხოლო თუ ასეთს ვერ მონახავენ, “მაშინ ოპოზიციამ წაიღოს” ეს ინსტიტუტი.

ივანიშვილის თქმით, ის, რომ პრეზიდენტი მმართველი გუნდის წარმომადგენელი არ გახდეს, დემოკრატიის განვითარებას სჭირდება ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ “ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს და მუნიციპალიტეტების დონეზე ყველა საკრებულოსა თუ გამგეობას აკონტროლებს.

ომის დაწყებაზე ზურაბიშვილის განმარტებები “ქართული ოცნების” პოზიციას შეესაბამება – კობახიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.