ახალი ამბები

GFF – საქართველო ლატვიის მატჩზე დასასწრები 40 000 ბილეთი გაიყიდა

9 სექტემბერი, 2018 • 2374
GFF – საქართველო ლატვიის მატჩზე დასასწრები 40 000 ბილეთი გაიყიდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, საქართველოსა და ლატვიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე ამ დროისთვის 40 000 ბილეთია გაყიდული [17:00 საათის მონაცემები]. შეხვედრა დღეს, 9 სექტემბერს დინამო არენაზე 20:00 საათზე გაიმართება. „დინამო არენაზე “მთლიანობაში 54 ათასი გულშემატკივარი ეტევა.

ბილეთის მინიმალური ღირებულება 5 ლარია, ხოლო მაქსიმალური 25 ლარი. მათი შეძენა TKT.ge-ამ დრომდეა შესაძლებელი.

ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის დინამოს სტადიონზე დღეს, 20:00-ზე იწყება.

სპორტული მნიშვნელობის გარდა, დღევანდელი მატჩი იმითაც არის გამორჩეული, რომ ადამიანები სოციალურ ქსელებში ერთმანეთს მოუწოდებენ, სტადიონზე ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას გასამხნევებლად მივიდნენ. ნაწილი, სოლიდარობის ნიშნად, ლგბტ დროშის ფერებით სამკლაურის გაკეთებასაც გეგმავს.

პარალელურად, სხვადასხვა სახის მოწოდება ჟღერდება კაშიას მოწინააღმდეგეებისგანაც.

საქმე ისაა, რომ უეფამ გურამ კაშიას თანასწორობის ჯილდო გადასცა 2018 წლის 30 აგვისტოს. ჯილდოს გადაცემას საქართველოში ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან სიძულვილის მორიგი ტალღა და მუქარა მოჰყვა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის თქმით, არეულობის შემთხვევაში UEFA-ს თამაშის ჩაშლა შეუძლია, რაც ნაკრებისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, კანონის ყველა დამრღვევის მიმართ რეაგირება იქნება უმკაცრესი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი