ახალი ამბები

დეპუტატები ტელევიზიების რეიტინგების დამთვლელი კომპანიის საქმიანობის შეჩერებას აფასებენ

20 მარტი, 2014 •
დეპუტატები ტელევიზიების რეიტინგების დამთვლელი კომპანიის საქმიანობის შეჩერებას აფასებენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი კომპანიის  საქმიანობის დროებით შეჩერებას ხელისუფლების მიერ მედიის გაკონტროლების მცდელობას უკავშირებს:

“სამწუხარო არის  ამ კომპანიის გადაწყვეტილება საქმიანობის შეჩერების თაობაზე, თუმცა ეს ბუნებრივი და გასაგები არის   იმ ზეწოლის ფონზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ამ კომპანიაზე ხორციელდება: დაკითხვები, ღამით მივარდნები და ა.შ. შეუძლებელს ხდის ერთგვარად საქმიანობის განხორციელებას. სამწუხაროა, რომ მედიის კონტროლი, მედიაზე ზეწოლა იძენს პერმანენტულ ხასიათს ხელისუფლების მხრიდან. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში  ტელევიზიების გათიშვები, უსაფუძვლო კრიტიკა და განცხადებები ჟურნალისტების მიმართ, რაც  ამ ხელისუფლების დამახასიათებელი ნიშანია. ამან კონკრეტულ სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა. კომპანიის საქმიანობის გაჩერება უკავშირდება სარეკლამო ბაზრის ჩამოშლას, რაც თავის მხრივ უკავშირდება ტელეკომპანიებისათვის დამოუკიდებელი ფინანსური რესურსების ქონის შესაძლებლობას და ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს მედიის თავისუფლებაზე,დემოკრატიაზე და ა.შ,“- აღნიშნავს ბეჟაშვილი.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი კი აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლებმა საგადასახადო ორგანოებთან უნდა ითანამშრომლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, ისე გამოვა, რომ მათ შეუძლიათ არ მიაწოდონ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს:

 

“ეს აბსოლუტურად ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, ყველაფერი მარტივად დამთავრდებოდა, თუკი ისინი ამ თავიანთ კომერციულ საიდუმლოებას კანონზე დაყრდნობით გასცემდნენ. საგადასახადო ორგანოებს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კომერციული საიდუმლოება მოუპოვებიათ და არ გაუმჟღავნებიათ. ამ კომპანიის წარმომადგენლებს თუ ჰგონიათ, რომ სამყარო მათით იწყება და მათითვე მთავრდება, ძალიან ცდებიან. კომპანიის ხელმძღვანელებმაც კარგად იციან, რომ საიდუმლოების გაცემა სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ამის მიუხედავად არ აწვდიან შემოსავლების სამსახურს. ამიტომ მე მოვუწოდებ შემოსავლების სამსახურს, პრინციპულად მოეპყრას ამ კომპანიას და, დარწმუნებული ვარ, აქ არავითარი კანონდარღვევა არ იქნება და თუ კანონდარღვევა არის, მიბრძანდნენ სასამართლოში და უჩივლონ შემოსავლების სამსახურს. ეს დავა აქ უნდა გადაწყდეს და არა პარლამენტის კორიდორებში. მე მიზეზები არ მესმის, რატომ შეწყვიტეს საქმიანობა. დღეს ხელისუფლებას ასეთი რაღაცების განხორციელება არ სჭირდება. ეს ჩვენს ინტერესებში არ არის. “რუსთავი ორს” რამდენიმე ხნის წინ ლიცენზიის ვადა გაუვიდა და ჩვენ დაჩქარებული წესით ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ ეს პრობლემა.”

 

ტელევიზიების რეიტინგების დამთვლელი კომპანიის გავრცელებული განცხადების თანახმად, მათი 10 მოდემიდან ცხრამ ფუნქციონირება შეწყვიტა:

 

“თავს ვალდებულად ვთვლით შეგატყობინოთ, რომ დღეს ჩვენი კომპანია იძულებულია დროებით შეაჩეროს საქმიანობა. ამის მიზეზი არსებითად ორია: პირველი – ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის გვიან ღამით დაკითხვებმა ჩვენს ოფისში, 5 და 7 პირის/გამომძიებლის მუდმივმა ყოფნამ ჩვენს ოფისში, ყველა ოთახში, დოკუმენტაციის მუდმივმა თვალიერებამ, უბრალოდ, გაუსაძლისი პირობები შექმნა. თანამშრომლები არიან დათრგუნულები, თითოეული მათგანი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა, რომ სამუშაო პროცესი არ შეჩერებულიყო, მაგრამ,ეს ყველაფერი ჩვენს ადამიანურ ძალებს აღემატება.


ამას გარდა, გუშინ ჩვენმა ცხრა მოდემმა ათიდან შეწყვიტა ფუნქციონირება ჩვენთვის სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო. დღეს ტესტები უჩვენებს, ჩვენი მოდემი ფუნქციონირებს გამართულად და ტექნიკური პრობლემა ჩვენს ოფისს მიღმაა. წინასწარ, პრობლემის სრულად გააზრებისა და შესწავლის გარეშე არ გვსურს ეს პრობლემა ვინმეს დავაბრალოთ, ამიტომაც, როგორც კი გაირკვევა პრობლემის ნამდვილი შინაარსი, ამის შესახებ სრულად შეგატყობინებთ.


ამ ორი მიზეზის გამო იძულებული ვართ შეგატყობინოთ, რომ ოფისი აჩერებს თავის საქმიანობას, რასაც გულისტკივილით გატყობინებთ. თუმცა გაძლევთ პირობას:


ტექნოლოგიური და დამოუკიდებელი სატელევიზიო აუდიტორიის კვლევა იარსებებს საქართველოში. საქმიანობას გავაგრძელებთ იმ დღიდან, როცა დასრულდება შემოსავლების სამსახურის მიერ ჩვენი კოპანიის შემოწმება იმ ფორმებით, როგორითაც ის ხორციელდება დღეს, და როცა გვექნება ფიზიკური შსაძლებლობა ჩვენს პარტნიორ ოჯახებთან განვაახლოთ ნორმალური ყოველდღიური ურთიერთობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი