ახალი ამბები

საგამოძიებო კომისიამ ოპოზიციის დასკვნა დაამტკიცა და მუშაობა დაასრულა

5 სექტემბერი, 2018 • 2271
საგამოძიებო კომისიამ ოპოზიციის დასკვნა დაამტკიცა და მუშაობა დაასრულა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომუშავე საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ოპოზიციის მიერ მომზადებულ დასკვნას, “ქართული ოცნების” დასკვნა კი არ დამტკიცდა.

67-გვერდიან დასკვნას, რომელიც უმცირესობის დეპუტატმა ოთარ კახიძემ წარმოადგინა, მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგ წავიდა. კენჭი უყარეს “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ ალტერნატიულ დასკვნასაც, რომელმაც კომისიის 4 წევრის მხარდაჭერა დაიმსახურა, 9 წევრმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ დამტკიცდა. დამტკიცებული დასკვნა ბიუროს უახლოეს საათებში წარედგინება.

ოპოზიცია საკუთარ დასკვნაში გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლენილ მთელ რიგ ხარვეზებზე საუბრობს და ორი მინისტრის – თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

სხდომის დასასრულს მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე იკამათეს. ოპოზიცია საქმის არასათანადო გამოძიებაზე საუბრობდა, მმართველი გუნდი კი უმცირესობას მიკერძოებაში ადანაშაულებდა.

ამ პროცედურით ხორავას საქმეზე მომუშავე კომისიამ მუშაობა დაასრულა. ჯამში, გაიმართა 20 სხდომა. დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტმა 95 ხმით 6 ივნისს დაამტკიცა.

17-კაციან კომისიაში 9 წარმომადგენელი საპარლამენტო უმცირესობას ჰყავდა. “ევროპული საქართველოდან” კომისიის შემადგენლობაში დაამტკიცეს სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

დანარჩენ წევრებს კი “ქართული ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები აკომპლექტებდნენ– მათ შორის: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე და ადა მარშანია. კომისიაში ასევე ირიცხებოდა სალომე ზურაბიშვილი.


1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. ამ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.

ვრცლად ხორავას ქუჩის საქმეზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი