ნეტგაზეთი | მაქარაშვილს ეთერში სავარაუდოდ მარიხუანის მოწევისთვის ნარკოტიკის რეკლამირებას ედავებიან მაქარაშვილს ეთერში სავარაუდოდ მარიხუანის მოწევისთვის ნარკოტიკის რეკლამირებას ედავებიან – Netgazeti
RU | GE  
გიგა მაქარაშვილი

მაქარაშვილს ეთერში სავარაუდოდ მარიხუანის მოწევისთვის ნარკოტიკის რეკლამირებას ედავებიან

აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც ტელეკომპანია “იბერიის” პირდაპირ ეთერში სავარაუდოდ მარიხუანა მოწია, ნარკოტიკული საშუალების რეკლამირებას ედავებიან.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მაქარაშვილის მიერ ჩადენილი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მე-10 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.

უწყების განცხადებით, ამ მუხლით იკრძალება  ნარკოტიკული საშუალების რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენების, შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფიზიკური პირის მიერ. მუხლი 500 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში აღსრულებაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის სამინისტროა.

გიგა მაქარაშვილი ტელეკომპანია “იბერიის” გადაცემის, “თავისუფალი სივრცის” სტუმარი იყო. გადაცემა საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შესახებ. გადაცემის დასასრულს გიგა მაქარაშვილმა, მისივე განცხადებით, მარიხუანა მოწია, რამაც დიმიტრი ლორთქიფანიძე გააღიზიანა, რომელიც ამავე გადაცემაში იყო სტრუმად მიწვეული.

პოლიციაც  დიმიტრი ლორთქიფანიძემ გამოიძახა. ლორთქიფანიძე გამოძიების დაწყებას იძულების მუხლით ითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება “გარკვეული ფორმით მისი ნების საწინააღმდეგოდ მოახვიეს თავს”.

ადგილზე მისულმა პოლიციის ეკიპაჟმა მაქარაშვილი ექსპერტიზაზე გადაიყვანა. როგორც გიგა მაქარაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, განყოფილებაში სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე შეამოწმეს:

“შემამოწმეს ყველა ნარკოტიკულ საშუალებაზე. აღმოვჩნდი სუფთა. ერთადერთი შეიძლება მარიხუანა ამომიგდოს, რომელიც დასჯადი აღარ არის და, შესაბამისად, არაფერი საფუძველი არ ჰქონდათ ჩემი დაკავების და გამომიშვეს. მე ახსნა-განამრტებაში დავწერე, რომ გავაკეთე მხოლოდ და მხოლოდ იმის პროპაგანდა, რომ საქართველოში მარიხუანის მოწევა არის ლეგალური, ამის გამო ადამიანებს აღარ იჭერენ და ყველას აქვს უფლება მოწიოს, ან არ მოწიოს. ზუსტად ეს სიტყვები ვთქვი პირდაპირ ეთერში. იქვე ვთქვი, რომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოწიოთ, თუ არ ეწევით, მაგრამ თუ ეწევით, შეგიძლიათ ეს თამამად გააკეთოთ”, – ამბობს მაქარაშვილი.

მისი თქმით, პოლიციაში მისთვის არ განუმარტავთ, რომ ნარკოტიკული საშუალების რეკლამირებას ედავებიან:

“არაფერი არ უხსენებიათ, ამიღეს სინჯი, ახსნა-განმარტება დამაწერინეს და ხელწერილი ჩამომართვეს, რომ როცა დამირეკავენ, ოქმის ჩასაბარებლადმ უნდა მივიდე და ხელი მოვაწერო” ,- ამბობს მაქარაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.