ახალი ამბები

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტისთვის იაპონია საქართველოს შეღავათიან სესხს გამოუყოფს

4 სექტემბერი, 2018 • 2037
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტისთვის იაპონია საქართველოს შეღავათიან სესხს გამოუყოფს

“აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის” სრულყოფისათვის იაპონიის მთავრობა საქართველოს 343 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს. თანხას იაპონიის მთავრობა შეღავათიანი სესხის სახით გასცემს.

შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცეპრეზიდენტმა ნორიკო სუზუკიმ მოაწერეს. შეხვედრა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტარო კონოს ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა.

პროექტი ითვალისწინებს აღოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი რთული, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის მშენებლობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მის განსახორციელებლად იაპონური ტექნოლოგიები გამოიყენება. სამუშაოებს რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს. არსებული გეგმით, პროექტი 2023 წელს უნდა დასრულდეს.

იაპონიის მთავრობა ქართულ მხარესთან თანამშრომლობით არაერთ პროექტს ახორციელებს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა სოფლის მეურნეობისა თუ განათლების დარგში. მაგალითად, “იაპონიის კავკასიის ინიციატივის” ფარგლებში, იაპონური მხარის ხელშეწყობით შსს აღიჭურვა ჰიბრიდული და ელექტრომანქანებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოლარული პანელები დამონტაჟდა. ინიციატივის ფარგლებში მოქმედებს ახალგაზრდა იურისტების მიწვევის პროგრამა იაპონიაში, ასევე, ენის სწავლების კურსები იაპონიის ფონდთან თანამშრომლობით.

იაპონიის დელეგაცია საქართველოს დღეს, 4 სექტემბერს ეწვია. დელეგაციის წარმომადგენლები, მათ შორის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და საერთაშორისო თანაშრომლობის სააგენტოს ვიცეპრეზიდენტი საქართველოს საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებს შეხვდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო-იაპონიის ურთიერთობების ისტორიაში ეს პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი