ახალი ამბები

უკონკურენტობა, ნათესაობა და სხვა საეჭვო გარემოებები საგარეოს 700 000-იან შესყიდვაში — IDFI

4 სექტემბერი, 2018 • 4666
უკონკურენტობა, ნათესაობა და სხვა საეჭვო გარემოებები საგარეოს 700 000-იან შესყიდვაში — IDFI

საგარეო საქმეთა სამინისტრომ “საეჭვო გარემოებებში” გააფორმა 700 000-იანი ხელშეკრულება ახლად დაარსებულ კერძო კომპანიასთან ისე, რომ ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია, — ვკითხულობთ ინფორმაციის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციის პუბლიკაციაში. კომპანიის მფლობელი მინისტრის მოადგილის ძმაა.

შარშან მთავრობამ საგარეოს 737 000 ლარი გამოუყო სარეზერვო ფონდიდან თბილისში მათი ახლანდელი შენობების “საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოებთან და მდგრადობის კვლევასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის”. მართალია, სამინისტროს არ დაურღვევია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი, — სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით განხორციელებულ შესყიდვაზე კონკურსის გამოცხადების ვალდებულება არა აქვს — ამ ხელშეკრულებას რამდენიმე საეჭვო გარემოება ახლავს თან.

ხელშეკრულების “საეჭვო გარემოებები”

სამინისტროს მიერ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისათვის (IDFI-სთვის) მიწოდებული დოკუმენტის თანახმად, საგარეომ ხელშეკრულება გააფორმა 2017 წლის 4 აგვისტოს — სარეზერვო ფონდის თანხის გამოყოფიდან 1 დღის შემდეგ. კონტრაქტორი გახდა კომპანია შპს ლენდ მარკ პროჯექტი, რომელსაც აღნიშნული შენობის ადაპტაცია და პროექტირება  დაევალა. გაწეული სამუშაოსთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო კომპანიას გადაუხდიდა 721 954 (დღგ-ის ჩათვლით). ხელშეკრულების თანახმად, 4-ეტაპიანი სამუშაო 10 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა ორჯერ — ჯერ 20 ოქტომბრამდე, შემდეგ კი მომდევნო წლის მარტამდე  გადაიწია.

ექსპერტიზის ბიურომ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს ხარვეზები გამოავლინა, რომელთა გამოსწორება კომპანიას გაუგრძელდა 1 ივნისამდე. ამგვარად, პროექტი 8 თვის დაგვიანებით ჩაბარდა.

საეჭვო გარემოებებს შორის IDFI ასახელებს უკონკურენტობას — სამინისტრომ ელექტორუნული ტენდერი (კონკურსი სამუშაოს შესასრულებლად) არ გამოაცხადა, ისე გააფორმა ხელშეკრულება. მართალია, კანონი ამას მათ არ ავალდებულებდათ, თუმცა IDFI-ს თანახმად, მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ “კანონით გათვალისწინებული კონკურენტული პროცედურები”.

ლენდ მარკ პროჯექტი — კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა, 2017 წლის 3 აგვისტოს დარეგისტრირდა, იმ დღეს როდესაც საგარეოს თანხა გამოუყვეს. მეორე დღეს ხელშეკრულება გააფორმეს. IDFI-ის ინფორმაციით, კომპანიას “არასდროს მიუღია მონაწილეობა ღია, კონკურენტულ ტენდერში” და “არც პირდაპირი კონტრაქტი მიუღია რომელიმე შემსყიდველი ორგანოსგან”.

ლენდ მარკ პროჯექტის 100%-იანი წილის მფლობელი, ავთანდილ მახარობლიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის ძმაა. მახარობლიშვილი თანამდებობაზე 2016 წლის 27 ნოემბერს დაინიშნა.

გაუმჭვირვალე შესყიდვები

IDFI-ის მიერ ივნისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხა ზოგჯერ “გაუმჭვირვალე შესყიდვებით” იხარჯება. ის კი განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი არ ვრცელდება სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხის ათვისებაზე.

ჩვენ მიერ გამოვლენილი ფაქტი ამტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის გავრცელება სარეზერვო ფონდებით გაწეულ ხარჯებზე, პროცესები უფრო გამჭვირვალე რომ იყოს და საეჭვო გარიგებები თავიდან ავიცილოთო, წერს ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი.

ორგანიზაცია მოუწოდებს აუდიტის სამსახურს, დაინტერესდეს ამ შესყიდვით, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების დასაბუთებას სთხოვს.

სამინისტროს პასუხი

საგარეო უწყების პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ IDFI თავადაც აღნიშნავს, კანონი არ დაურღვევიათ. სამინისტროს თქმით, ხელშეკრულების გაფორმებამდე ბაზრის კვლევა ჩაატარეს “მომსახურების გაწევის ეფექტური სერვისის მოძიებისთვის”. მათივე განმარტებით, კონტრაქტორის შერჩევის კრიტერიუმი იყო “არა თავად კომპანია, როგორც იურიდიული სუბიქეტი, არამედ მასში დასაქმებული კვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც ჰქონდათ ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის პროექტების განხორციელების მდიდარი გამოცდილება”. 

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს “მინისტრის მოადგილე, რომელსაც არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს მოცემულ კომპანიასთან”, შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტი “არ წარმოქმნილა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი