ახალი ამბები

ფაშისტური მოძრაობის ლიდერს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

3 სექტემბერი, 2018 • 2238
ფაშისტური მოძრაობის ლიდერს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ფაშისტური მოძრაობის ლიდერს, გიორგი ჭელიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 23 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა და სხვა საბრძოლო იარაღი. 

საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, ჭელიძის მიმართ პატიმრობა გამოიყენა. 

გიორგი ჭელიძის ადვოკატის თქმით, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. “მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში გავასაჩივრებთ,” – აცხადებს ადვოკატი ქეთევან ვარდიაშვილი.

შსს – მ “საქართველოს ეროვნული ერთობის” ლიდერი 1 სექტემბერს დააკავა. გიორგი ჭელიძეს ბრალად ედება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. საქმეზე გამოძიება  სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი