ახალი ამბები

ცაგარეიშვილი: უგულავა მტრად მოეკიდა ხეს

18 მარტი, 2014 •
ცაგარეიშვილი: უგულავა მტრად მოეკიდა ხეს

წარმოდგენილი ცვლილებებით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობისთვის მიმართვის უფლება ექნება თბილისის მერს საკრებულოსთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით.

 

ამასთან, ცვლილებების მიხედვით აიკრძალება პირველ კატეგორიას (ბაღების, პარკებისა და სკვერების ნარგავები, ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული ნარგავები, პროსპექტების, გზატკეცილების, ცალკეული მაგისტრალებისა და ქუჩის ნარგავები, ნარგავები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც ნიადაგდამცავებსა და წყალმარეგულირებლებს) მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ხოლო მეორე  (საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოებისა და ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიაზე არსებული სპეციალური დანიშნულების და შეზღუდული სარგებლობის ნარგავები) და მესამე (ნარგავები, რომლებიც არ შედის არც პირველ და არც მეორე კატეგორიაში) კატეგორიებს მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისებისა და მათზე მშენებლობის განხორციელების დროს, მწვანე ნარგავების ჭრა დასაშვები იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ბიომრავალფეროვნებისთვის მიყენებული ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელებით. 

 

“თბილისში უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობაა შექმნილი, რომელიც მათ შორის იმან გამოიწვია, რომ თბილისის მერია უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ერჩის მწვანე ნარგავებს. მტრად მოეკიდა უგულავა ხეს. სადაც კი ტყე-პარკი ნახეს, მწვანე ნარგავი, რეკრეაციული ზონა ნახეს, ყველგან ყველაფერი გაჩეხეს  და ან პოლიციის შენობები ჩადგეს, ან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულმა ბიზნესჯგუფებმა გადაწყვიტეს კორპუსების, სუპერმარკატების, გასართობი ცენტრების, რესტორნების და ბარების მშენებლობა. თბილისში ფაქტობრივად რეკრეაციული ზონა აღარ დარჩა,” – ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.

 

წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონის მეექვსე მუხლს ემატება მეხუთე პუნქტი, რაც გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს მეორე და მესამე კატეგორიას მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისებისა და მათზე მშენებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, პირველ კატეგორიას მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისება იკრძალება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მეორე და მესამე კატეგორიის შემთხვევაში, მწვანე ნარგავების ჭრა დასაშვებია გამონაკლის შემთხვევებში, მხოლოდ ბიომრავალფეროვნებისთვის მიყენებული ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელებით. 

 

“მოჭრით ერთს, დარგავთ ასს. განფასება გაიზარდა ერთი ათად. თუ ადრე რაიმე წმვანე ნარგავის მოჭრა ღირდა ათი ლარი, ახლა ეღირება ასი ლარი. ეს დროული კანონპროექტია, რომელიც დაგვიანებით, მაგრამ მაინც უმკურნალებს ამ ჭრილობებს,”-აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი