ახალი ამბები

მ.კ.- ს ჰქონდა საგანი, რომელსაც ჩხუბში იყენებდა – საგამოძიებო კომისია

2 სექტემბერი, 2018 • 1779
მ.კ.- ს ჰქონდა საგანი, რომელსაც ჩხუბში იყენებდა  –  საგამოძიებო კომისია

პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნის პირველი ნაწილის მიხედვთ, მ.კ. – ს გარკვეული საგანი ე.წ ტარი ჰქონდა  და მას ჩხუბისას იყენებდა. კომისიის ინფორმაციით, ეს საგანი მ.კ.-მ მოკლული დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში მომხდარი ჩხუბისას გამოიყენა. კომისიის დასკვნის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფიქსირდება, თუ როგორ აჩვენებს მ.კ. მის მეგობრებს ამ საგანს.

“მოცემული ჩანაწერი გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა კომისიის შექმნამდე გამოძიებას და პროკურატურას არ დაუფიქსირებია ეს მნიშვნელოვანი, საკვანძო დეტალი. აღნიშნული ახალი გარემოების თაობაზე შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე კომისიამ ჩააყენა საქმის კურსში შსს და მოუწოდა დროული რეაგირებისკენ,” – წერია კომისიის დასკვნაში.

საგამოძიებო კომისიაში აცხადებენ, რომ მ.კ.-ს მხრიდან გარკვეული საგნის ქონა და ჩხუბის დროს მისი გამოყენება კიდევ უფრო ამყარებს კომისიის მიერ გაცემულ შუალედურ რეკომენდაციას, რომ მ.კ – ს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს.

“ჩვენ გავეცით რეკომენდაცია მ.კ -ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით. ეს მტკიცებულება დამატებითი ახალი დეტალია, რომელიც ჩვენს რეკომენდაციას ამყარებს, რადგან მაშინ როცა დავით სარალიძეს ჭრილობებს აყენებდნენ თუ მას მ.კ ამ საგანს ურტყამდა ის სარალიძის მკვლელობაში ერთ – ერთი ფიგურანტი გამოდის,” – ამბობს კომისიის წევრი ოთო კახიძე.


1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. ამ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი