ახალი ამბები

ქრონიკული დაავადებების წამლებს შშმ პირები და პენსიონრები ფასდაკლებით მიიღებენ – სამინისტრო

31 აგვისტო, 2018 • 2726
ქრონიკული დაავადებების წამლებს შშმ პირები და პენსიონრები ფასდაკლებით მიიღებენ – სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 3 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების პრეპარატებს პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები  ფასდაკლებით მიიღებენ.

სამინისტროს ცნობით, ამ ჯგუფების წევრები ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო (23 დასახელების) მედიკამენტებს საბაზრო ღირებულების 50%-ით და მეტი ოდენობის ფასდაკლებით შეიძენენ.

„პროგრამის პირველი ეტაპი 2017 წლის მაისში დაიწყო, რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გავრცელდა. მათ ქრონიკული დაავადებებების სამკურნალო მედიკამენტზე, კერძოდ 23 დასახელებაზე, მოეხსნა ფინანსური ბარიერი და მიეცათ შესაძლებლობა თვეში მაქსიმუმ 1 ლარად შეიძინონ აღნიშნული მედიკამენტები. მეორე ეტაპი კი წელს, აგვისტოს თვეში დაიწყო, როდესაც დიაბეტის მეორე ტიპის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის განახევრდა. 3  სექტემბრიდან კი  საპენსიო ასაკის მოსახლეობის და შშმ პირთა დანახარჯები ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე განახევრდება, ან გახდება მესამედი“, – დავით სერგეენკო.

ფასდაკლება შეეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული, ფარისებრი ჯირკვლის და ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს.

მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად, შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში. ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს, ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა.

სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე მედიკამენტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესაბამის ფილიალში, თუმცა უახლოეს მომავალში პროგრამაში ჩაერთვება სხვა სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისათვის ამ მედიკამენტებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი