ახალი ამბები

NGO-ები პრეზიდენტს მოუწოდებენ სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატზე გადაწყვეტილება შეცვალოს

31 აგვისტო, 2018 • 1344
NGO-ები პრეზიდენტს მოუწოდებენ სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატზე გადაწყვეტილება შეცვალოს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმასჯულებისთვის მკვეთრად უარყოფითად აფასებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ შეასრულოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და არ დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა და მოუწოდებს მას, გადაწყვეტილება შეცვალოს.

აღნიშნულ პოზიცია კოალიციის მიერ  გავრცელებულ განცხადებაშია გახმიანებული, სადაც ხაზგასმულია, რომ ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტი პასუხისმგებლობას აკისრებს სხვადასხვა ჯგუფს.

“სამწუხაროდ, პრეზიდენტის მიერ ამ დრომდე არ იქნა უზრუნველყოფილი ფორმატი, რომელიც განსაზღვრავდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ფორმებს კანდიდატის შერჩევის პროცესში, რის გარეშეც პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს საფუძვლიანად.

მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგინების უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, რომელიც ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე შევა ძალაში, კანდიდატის წარდგინების უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება,” – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

მათივე თქმით, ახალი წესით წარდგენილი და არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად აღარ იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალთა კონცენტრაციისა და სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტილობის რისკებს.

“მოუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, დროულად და ეფექტიანად განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და უზრუნველყოს ისეთი კანდიდატის დასახელება, რომელსაც ფართო საზოგადოების მხარდაჭერა ექნება,” – წერია განცხადებაში.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში და მხარი დაუჭიროს წარდგინების პროცესს. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უახლოეს სესიაზე უზრუნველყოს წარდგენილი კანდიდატის განხილვა და მისი არჩევა.

პრეზიდენტმა კანდიდატის არდასახელების გადაწყვეტილება 24 აგვისტოს მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ კონსენსუსის არარსებობის პირობებში კანდიდატის დასახელება აზრს მოკლებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი