ახალი ამბები

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს კანდიდატს აღარ დაასახელებს

24 აგვისტო, 2018 • 2914
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს კანდიდატს აღარ დაასახელებს

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ კონსენსუსის არარსებობის პირობებში კანდიდატის დასახელება აზრს მოკლებულია:

“იმ ფონზე, როდესაც “ქართული ოცნება” ღიად აცხადებდა, რომ ის არ მიიღებდა კონსულტაციებში მონაწილეობას, ანუ პარლამენტში კანდიდატურის დამტკიცების ერთადერთი შესაძლებლობა იყო ფართო კონსენსუსი. სამწუხაროდ, ეს ფართო კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ფართო კონსენსუსის გარეშე კანდიდატურის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტირებული”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის გამო გამართული ფინალური კონსულტაცია 20 აგვისტოს შეთანხმების გარეშე დასრულდა. პრეზიდენტი და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ კანდიდატის შერჩევის ფორმაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ შეთანხმება ვერ შედგა. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს კანდიდატები, ხოლო კანდიდატების შეფასებას მიაწვდიან პრეზიდენტის ადმინისტრაციას. იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ თავად შესთავაზონ პრეზიდენტს სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები, არასამთავრობო სექტორი არ ეთანხმება.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არ დაასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, 28 ოქტომბრიდან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში. ახალი კონსტიტუციის თანახმად, სასამართლოს ხელმძღვანელის შერჩევის პროცესში პრეზიდენტი აღარ მონაწილეობს. მას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი