ნეტგაზეთი | GFF-ს ვიცეპრეზიდენტი: ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ გურამ კაშიას [ვიდეო] GFF-ს ვიცეპრეზიდენტი: ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ გურამ კაშიას [ვიდეო] – Netgazeti

GFF-ს ვიცეპრეზიდენტი: ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ გურამ კაშიას [ვიდეო]

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, ნიკა ჯღარკავა აცხადებს, რომ გურამ კაშიას ყველანაირ მხარდაჭერას უცხადებენ და გვერდში უდგანან. მისი თქმით, ფედერაცია გმობს ყველანაირ დისკრიმინაციასა და ძალადობას.

როგორც ნიკა ჯღარკავა აცხადებს, უეფას მიერ გურამ კაშიასთვის გადაცემული თანასწორობის ჯილდო ძალაინ მნიშვნელოვანია როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და მთელი ქვეყნისთვის.

“რაც შეეხება ამ ამბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია უცვლელია – ჩვენ ვეწინააღდეგებით ყოველგვარი სახის დისკრიმინაციასა და ძალადობას, გვერდში ვუდგავართ გურამს და ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ. საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი ხდება მოსალოდნელი მატჩების ფონზე, თუმცა, რა თქმა უნდა, თამაშების ორგანიზებისა და უსაფრთხოების საკითხი მოგვარდება სათანადო დონეზე. ფეხბურთის ფედერაცია და ეროვნული ნაკრები ვფიქრობთ მხოლოდ სპორტულ შედეგზე”, – განაცხადა ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა.

კაშიას მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი ქვილითაიამ, გიორგი მერებაშვილმა და გიორგი ლორიამ.

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო სავარაუდოდ გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.