ახალი ამბები

სოციალ-დემოკრატები მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერენ

28 აგვისტო, 2018 • 7702
სოციალ-დემოკრატები მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერენ

“სოციალ-დემოკრატიული პარტია” საპრეზიდენტო არჩევნების დროს მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა. ჟორჟოლიანის თქმით, ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც კანდიდატად ჯერ არ დარეგისტრირებულა, დადებითია როგორც თავისი, ისე პარტიის განწყობა.

“მგონია, რომ მას აქვს კარგი ცოდნა და განათლება. პრეზიდენტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება წარმომადგენლობის განხორციელება. მას აქვს დიპლომატიური გამოცდილება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთი გამოცდილება ცოტას აქვს.

…ზოგადად, ცნობილი და პატრიოტი ადამიანია, მისი ცხოვრება ბავშვობიდან დაკავშირებულია საქართველოს ისტორიასთან და დამოუკიდებლობასთან; იდეებთან, რომლებიც ყველას გვკვებავდა საბჭოთა პერიოდშიც, ქართულ ინტელიგენციას და ა.შ. ამ თვისებების გამო მიმაჩნია, რომ კარგად გაართმევს თავს ამ ფუნქციას”, – უთხრა ჟორჟოლიანმა “ნეტგაზეთს”.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის პოზიციას აგვისტოს ომის შესახებ, რომ “საომარი ვითარების ეს ნაწილი საქართველომ დაიწყო”, გია ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ ამ განცხადებას სხვა ინტერპრეტაციას მისცემდა:

“სხვანაირ ინტერპრეტაციას მივცემდი ამას. ის მიიჩნევდა, რომ რუსეთის მიერ მანამდეც იყო ეს ოკუპირებული და რუსეთის პროვოკაციებს წამოეგო ჩვენი ხელისუფლება, სააკაშვილი. თორემ ის, რომ რუსეთი აგრესორი იყო მანამდეც, მაშინაც და მის შემდეგაც, არც სალომეს უარყვია და არც არავის”, – ამბობს ის.

“სოციალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რა ფორმით დაუჭერს მხარს პარტია ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას. მისი თქმით, პარტია ჯერ ელის ზურაბიშვილის კანდიდატად დარეგისტრირებას.

“ჩვენი პოზიციაა, რომ მხარს დავუჭერთ. სხვანაირად როგორც წარიმართება ეს ამბები, არ ვიცი”, – აღნიშნა მან.

სოციალ-დემოკრატები საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” სახით შედიან, რომლის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანია. “ქართულ ოცნებას” ჯერ არ უთქვამს, ვის დაუჭერს მხარს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი