ხალხს ეშინია, რომ გვირაბის მშენებლობა მათ სოფელში აუცილებლად გამოიწვევს 1971 წლის მსგავს ტრაგედიას
– როცა ზვავმა 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მთავრობაში მიაჩნიათ, რომ საფრთხე არ არსებობს და ხალხი, უბრალოდ, ფულს ითხოვს. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში იმედი აქვთ, რომ დანარჩენი საზოგადოება მათ მიმართ სოლიდარული იქნება.
“უპატრონო ხომ არ გგონივართ, 12 ავტობუსით სტუდენტები მოდიან”, – ასე ეგონათ ღურტელებს 9 მარტს… სოფელში სინამდვილეში ბათუმის უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი ჩავიდა.
წინა დღით, როცა ძალიან ბევრი პოლიციელი და ღამით უკვე სპეცრაზმიც შეიყვანეს, ღურტელებთან ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. სოფლიდან რეკავდნენ და მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ ჟურნალისტებსაც. მედიამ სოფლამდე მხოლოდ მას შემდეგ მიაღწია, როცა სოფლის დაპირისპირება პოლიციასთან მორჩა. შესაბამისად, ღურტაში ჟურნალისტებზეც გაბრაზებულები არიან.
“სიმართლე თქვით ჩვენ შესახებ. ნუ ამბობთ, რომ გვინდა ფული. ჩვენ უსაფრთხოებას ვითხოვთ”, – ამბობენ ისინი.
ამ ვითარებაში გვირაბის მშენებლობაზე ღურტაში მაინც დაიწყო ტექნიკამ მუშაობა. ხელისუფლებამ და მოსახლეობამ კი არასამთავრობო ორგანიზაციების შუამავლობით სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გენო გელაძე, რომელიც 9 მარტის ღამეს, სამ საათამდე ხულოს გამგეობის შენობაში გამართული მოლაპარაკების პროცესში აქტიურად იყო ჩართული, შეთანხმების დეტალებს ასე აყალიბებს:
“1. პირდაპირი ან ირიბი ზიანის შემთხვევაში დაზარალებულებს ჩაასახლებენ აჭარის ტერიტორიაზე 2. ზიანის შემთხვევაში ქონების ღირებულებას აანაზღაურებს ხელისუფლება და კომპანია სოლიდარულად. 3. მშენებლობაზე დაასაქმებენ სოფლის მცხოვრებლებს შესაბამისი განათლებით. 4. იყო თხოვნა მშენებლობის არეალში ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებაზეც. თუმცა ეს უკანასკნელი ვალდებულების სახით ხელისუფლების წინაშე არ დამდგარა, ეს მხოლოდ თხოვნა იყო. პირველი სამ პუნქტთან დაკავშირებით დოკუმენტი ამ კვირაში უნდა მომზადდეს”.
გენო გელაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობა თანახმაა ხალხის ეს მოთხოვნები დოკუმენტში ასახოს: “ვალდებულების დოკუმენტში ბევრ ნიუანსზე ჩამოვყალიბდით, რომელიც უნდა გაითვალისწინონ. დოკუმენტი უნდა მომზადდეს არაუგვიანეს ოთხშაბათს ან ხუთშაბათს. ჩვენ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოსახლეობას წარმოვადგენთ დოკუმენტზე მუშაობის დროს. შემდეგ დოკუმენტს მივაწვდით სოფლების მცხოვრებლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფს, რომლებიც, თავის მხრივ, დოკუმენტს გააცნობენ თავიანთ მეზობლებს. ამ კვირას დოკუმენტი უნდა იქნეს ხელმოწერილი”.
გენო გელაძე ამბობს, რომ დოკუმენტში დეტალურად იქნება აღწერილი, რა შემთხვევაში გასცემს სახელმწიფო კომპენსაციას: “თუ ჰესის გამო სოფელში მოსავლიანობა დაიკლებს, ხელისუფლება და კომპანია სოლიდარულად, ხალხს ამ ზიანსაც აუნაზღაურებს”.
როგორ შეიძლება იმის განსაზღვრა, სოფელში მოსავლიანობამ იკლო თუ არა? – “დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ეს შესაძლებელია:
“თუ ტენიანობა გამოიწვევს მოსავლის შემცირებას, მთავრობას ექნება ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე. გვეუბნებიან, რომ ასეთი ვალდებულება თითქოს კომპანიას ისედაც აქვს აღებული, მაგრამ შესაბამისი ხელშეკრულება ჩვენ არ გვინახავს”.
გენო გელაძის ინფორმაციას შეთანხმების შესახებ, ადასტურებენ აჭარის მთავრობაშიც. აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პარმენ ჯალაღონიას თქმით, ისინი ღურტის მცხოვრებთ აქამდეც სთავაზობდნენ უსაფრთხოების გარანტიებს:
“მოლაპარაკების დაწყების პირველივე ეტაპიდან ჩვენც იმავეს ვთავაზობდით – ყველა მაქსიმალურ გარანტიას, როგორც უსაფრთხოების კუთხით, რამდენადაც შესაძლებელია ასეთი გარანტიის არსებობა, ასევე იმ პირობებს, რაზეც გუშინ შეთანხმდნენ. მაგრამ ამ პირობებზე თანხმობა არ იყო სხვადასხვა მოტივის გამო. გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, არასამთავრობოებმა მიაღებინეს მოსახლეობას.
ადრე მოსახლეობა ითხოვდა ჰესის მშენებლობის არეალის გადატანას – გვირაბი, რომელიც სოფლის სიღრმეში გაივლის, უნდოდათ ასცილებოდა სოფელს. ითხოვდნენ შესაბამის კომპენსაციას და კომპენსაციის ოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ მათი მოთხოვნა ვერაფრით დაკმაყოფილდებოდა. როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ტერიტორიაზე გვირაბის გავლით გარემოს ნეგატიური ზემოქმედება არ მიადგება”.
პარმენ ჯალაღონიას ინფორმაციით, ხელისუფლებამ შეიძლება მემორანდუმი გააფორმოს სოფელთან ან თითოეულ ოჯახთან: “ჩვენ თანახმა ვართ ორივე ვერსიაზე”.
კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” უახლეს დღეებში ხულოს კიდევ ერთ სოფელში – წაბლანაში აპირებს “შუახევი ჰესისთვის” საჭირო გვირაბის მშენებლობის დაწყებას. ამ სოფელში მეწყერმა 1989 წელს 23 ადამიანი იმსხვერპლა.
მოსახლეობა ამბობს, რომ იქამდე არ აპირებენ კომპანია შეუშვან სოფელში, სანამ მთავრობა არ გამოიძიებს ბათუმში მათთვის განკუთვნილი ორი კორპუსის მშენებლობისთვის გამოყოფილი ფულის გაფლანგვის ფაქტს.
“დოკუმენტები მაგიდაზე უდევთ აჭარის მთავრობაში. ან თქვან ვინ მიითვისა ჩვენთვის განკუთვნილი ფული, ან ბათუმში მოგცენ ჩვენი კუთვნილი ბინები”, – ეს განწყობა ჰქონდათ გასულ კვირას წაბლანელებს, როცა მათ “ბათუმელები” დაუკავშირდა.
აჭარის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მსგავსი დოკუმენტი, რითაც დადასტურდება, რომ 1989 წლის სტიქიის შემდეგ წაბლანის მოსახლეობისთვის ბათუმში კორპუსები უნდა აშენებულიყო, არ არსებობს.
პარმენ ჯალაღონია: “ჩვენ ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, წაბლანის მოსახლეობას სხვადასხვა ოდენობის ფულადი კომპენსაცია მიღებული აქვს. თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ იყო დაპირება ქალაქ ბათუმში რაღაც სახლის მშენებლობაზე… ჩვენთან ეს დოკუმენტი არ ინახება და მოძიებული ვერ იქნა. თუ ეს ადამიანები გვაჩვენებენ დოკუმენტს, სადაც წერია, რომ მთავრობა ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ვალდებულებას იღებს… ვერ გეტყვით…”
8 მარტს პოლიციამ ძალის გამოყენებით შეიყვანა “აჭარისწყალი ჯორჯიას” ტექნიკა სოფელ ღურტაში. ქალები ამბობენ, რომ ისინიც კი სცემეს. ამას, რა თქმა უნდა, პოლიცია და ხელისუფლების წარმომადგენლები არ ადასტურებენ. ღურტაში ამბობენ, რომ პოლიცია უკვე გადაიყვანეს წაბლანაში. გენო გელაძე კი, რომელიც ღურტაში მოვლენებს პირადად აკვირდებოდა ამბობს, რომ სოფელში მართლაც ძალიან ბევრი პოლიციელი დააფიქსირა: “არ მეგონა ამდენი პოლიციელი თუ იყო აჭარაში. პოლიციის რაოდენობით მივხვდი, რომ ხელისუფლება ძალის გამოყენებით აპირებდა სამუშაოების დაწყებას”.
ჰესების პროექტის ღირებულება, რომელსაც “აჭარისწყალი ჯორჯია” მაღალმთიან აჭარაში ახორციელებს, 600 მილიონი დოლარია.