ახალი ამბები

Wizz Air აუტიზმის მქონე ბავშვის რეისიდან მოხსნის გამო ბოდიშს იხდის

23 აგვისტო, 2018 • 9426
Wizz Air აუტიზმის მქონე ბავშვის რეისიდან მოხსნის გამო ბოდიშს იხდის

Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის. დღეს, 23 აგვისტოს, გამთენიისას, ნანა ანთიძე ორ შვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტიდან საბერძნეთში ბრუნდებოდა, როცა შვილებთან ერთად რეისიდან მოხსნეს. მისი თქმით, რეისიდან მათი მოხსნა უკავშირდება ნანას შვილის, 6 წლის გაბრიელის მდგომარეობას. გაბრიელს აუტიზმი აქვს.

“Wizz Air-მა შეისწავლა  23 აგვისტოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მომხდარი ინციდენტი. აღნიშნული ინციდენტის თაობაზე ვერ მოხერხდა აეროპორტის პერსონალის მხრიდან Wizz Air-ის სათავო ოფისის  დროული ინფორმირება, რის გამოც ავიახომალდის ეკიპაჟმა მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილები მგზავრთა რეისიდან მოხსნის თაობაზე.

Wizz Air ბოდიშს იხდის ნებისმიერი სახის დისკომფორტისათვის, რომელიც განიცადეს მცირეწლოვანმა მგზავრმა და მისმა ოჯახის წევრებმა. Wizz Air ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აღნიშნულმა მგზავრებმა  ყველანაირი დანახარჯის გარეშე შეძლონ მათთვის სასურველი  უახლოესი რეისით გამგზავრება,” – წერია კომპანიის მიერ “ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილ განცხადებაში.

გაბრიელი საბერძნეთში ცხოვრობს, იქ დადის სკოლაში და გადის თერაპიას. როგორც ნანა ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რადგან სკოლა ზაფხულობით ისვენებს, ზაფხულში საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. მისივე თქმით, აქ დედა, ბავშვების ბებია, დაეხმარებოდა ბავშვების მოვლაში.

საქართველოში ყოფნისას მოულოდნელად გართულდა გაბრიელის მდგომარეობა. დედის თქმით, იგი მხოლოდ ავტომობილში ჩერდება, სახლში გაჩერება კი უჭირს. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება ადრე დაბრუნებულიყო. როგორც ნანა ანთიძე ამბობს, ბავშვის მდგომარეობის შესახებ კომპანია  “Wiz Air”-ს შეატყობინა, ისიც აუხსნა, თუ რატომ მიიღო ბილეთების გადაცვლის და ნაადრევად გაფრენის გადაწყვეტილება.  ბილეთის გადაცვლა, მისი თქმით, 1800 ლარი დაუჯდა.

ფრენა 23 აგვისტოს, დილით, 07:10 საათზე იყო დანიშნული. ნანას თქმით, ოჯახი აეროპორტში 2 საათით ადრე მივიდა. რეგისტრაციის ადგილას, სადაც ბარგს აბარებენ,  გაფრენაზე უარი უთხრეს. როგორც თავად ამბობს, გაბრიელი უკვე დამშვიდებული იყო, ადგილზე სასწრაფოც გამოიძახეს, რომელიც მიიჩნევდა, რომ ბავშვი ფრენისთვის მზად იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი