ახალი ამბები

პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

6 მარტი, 2014 • • 1462
პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

პარლამენტმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია  27 ხმით 6-ის წინააღმდეგ ჩააგდო,  ხოლო “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ რეზოლუცია  74 ხმით  არც ერთის წინააღმდეგ მიიღო.

 

“ნეტგაზეთი” მხარდაჭერილი რეზოლუციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

“უკრაინის  სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის  წინააღმდეგ  რუსეთის ფედერაციის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული აგრესიული ქმედებები, მათ შორის, უკრაინის ტერიტორიაზე  სამხედრო შენაერთების  გამოყენება ორმხრივი ხელშეკრულების პირობების დარღვევით და ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მუქარა, სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსა და მთელ ევოპას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე  საქართველოს პარლამენტი:

 

გამოხატავს სრულმმხარდაჭერას თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხის ევროპული არჩევანისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

გადაჭრით გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ  სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალისმიერ  და საერთაშორისო სამართლის  ძირითადი პრინციპების და ორმხრივი  შერთანხმების დარღვევით განხორციელბულ სხვა ქმედებას.

 

მიმართავს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს კონსულტაციები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჭიროების შემთხვევაში ქმედითი  ჰუმანიტარული დახმარებბა აღმოუჩინოს მოძმე უკრაინელ ხალხს.

 

მიმართავს საქართველოს მთავრობას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს  გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით უკრაინაში დაგეგმილ სამშვიდობო, სადამკვირვებლო და ჰუმანიტარულ მისიებში.

 

მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლოვ გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან ყველა სამხედრო შენაერთი, რომელიც საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით  იმყოფება  ქვეყანაში და შეწყვიტოს უკრაინის სახელმწიფოებრივობის წანააღმდეგ  მიმართული ყველა ქმედება.

 

მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში, ევროპის კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მიიღონ ქმედითი  პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ზომები უკრაინელი ხალხის  დასახმარებლად, რუსეთის  ფედერაციის აგრესიისგან უკრაინის დასაცავად, შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და საქართველოს დეოკუპაციის მისაღწევად

 

მხარს უჭერს  უკრაინის უმაღლესი რადის მიერ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორ სახელმწიფოთა  პარლამენტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი  მიმართვაში ჩამოყალიბებულ სულისკვეთებას, მათ შორის ვითარების დეესკალაციის მიხზნით  მოლაპარაკებებისათვის საგანგებო ჯგუფების შექმნის თაობაზე

 

მოუწოდებს ევროკავშირსა და ნატოს, დააჩქაროს ამ ორგანზაციებში ყველა იმ ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის საქართველოსი,  რომლებიც ამისთვის მზად არიან და რომელთა თავისუფალ არჩევანს სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება,”- აღნიშნულია უმრავლესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი