ახალი ამბები

პოლიციის უმოქმედობა, როცა ოჯახში მოძალადეა

6 მარტი, 2014 • • 1389
პოლიციის უმოქმედობა, როცა ოჯახში მოძალადეა

ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ამბობს, რომ მისი პარტნიორი აიძულებდა ეცხოვრა მძიმე პირობებში, პირუტყვთან ერთად, ექსპლუატაციას უწევდა მას და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

 

მისივე თქმით, 2013 წლის 1 აგვისტოს პარტნიორმა ის სასტიკად სცემა, რის შედეგადაც ქალმა ტვინის შერყევა მიიღო, თუმცა, მაშინ პარტნიორის შიშით ექიმებს განუცხადა, რომ კიბიდან დაგორდა.

 

30 სექტემბერს, დილის 5 საათზე  იგი საცხოვრებელი სახლიდან გამოიპარა.

 

ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებულმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა მას ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა.

 

ოჯახში ძალადობის კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით 2013 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონის სამმართველოს მიმართა.

 

პოლიციის საპასუხო წერილში, რომელიც 27 ნოემბრით თარიღდება, წერია [სახლებს და გვარებს შეგნებულად არ ვასახელებთ]:

 

“გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ მოკვლეული მასალებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ NN-ში მცხოვრებ ლ.ქ-სა და მის მეუღლეს ნ.ქ-ს ერთმანეთში გააჩნიათ კარგი ცოლ-ქმრული ურთიერთობა და მათ შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.

 

რაც შეეხება თქვენს წერილში მითითებულ სატელეფონო ზარის ავტორს, იგი ეკუთვნის თ.ლ-ს, რომელთანაც ლ.ქ-ს წლების განმავლობაში გააჩნდა კარგი მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ბოლო სამი წელია მას შეეტყო ფსიქიკური აშლილობა და ინტერესს იჩენდა ლ.ქ-ს მიმართ, რა მიზნითაც ის ახორციელებდა მასთან სატელეფონო (სასიყვარულო შინაარსის) ზარებს.

 

ხოლო რაც შეეხება თ.ლ-ს მიმართ მიერ რაიმე სახის შეურაცხყოფის ფაქტს, არ დასტურდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ ხელწერილის ჩამორთმევით გაფრთხილებულ იქნა ლ.ქ., რომ არ მიაყენებს თ.ლ-ს არანაირი სახის შეურაცხყოფას.”

 

წერილს ხელს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსი კახა ხარებავა აწერს.

 

“თუ ადამიანთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ და არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მაშინ რატომღა აწერინებენ ხელწერილს, რომელსაც 2006 წლამდე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონის მიღებამდე იყენებდნენ?! მაშინ კანონი არ ავალდებულებდა სამართალდამცავს შემაკავებელი ოქმი დაეწერა. რატომ არ გამოიყენეს ახლა ეს ვალდებულება, შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ და ეს ქალი ძალადობისგან დაეცვათ? არაადეკვატური და არაპროფესიონალური მიდგომაა. ზოგადად, იკვეთება ტენდენცია, რომ ბოლო პერიოდში პოლიცია არ იყენებს კანონით მინიჭებულ იმ უფლებებს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოწეროს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, ”- ამბობს “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” წარმომადგენელი ელისო ამირეჯიბი.

 

შსს-ში ამ და სხვა კითხვებზე, მაგალითად, რის საფუძველზე დაადგინეს, რომ ქალს ბოლო სამი წლის განმავლობაში რაიმე ტიპის ფსიქიკური აშლილობა აქვს? რით დასტურდება, რომ ქალი მის პარტნიორთან “სასიყვარული შინაარსის” ზარებს ახორციელებდა და რით ადგენენ, რომ ცოლ-ქმარს შორის კარგი ურთიერთობა არსებობდა, – არ პასუხობენ.

 

“იმაზე მეტს, რაც წერილში წერია, ვერაფერს დავამატებთ,”- განუცხადეს “ნეტგაზეთს” შსს-ში.

 

“შსს-ს წარმომადგენლებს არ აქვთ ის უფლებამოსილება და კომპეტენცია, რომ შეაფასონ, ადამიანი არის თუ არა ფსიქიკურად ჯანმრთელი. ასევე, საერთოდ ვერ გავიგე, რას ნიშნავს “სასიყვარული შინაარსის” ზარი? როგორ ადგენენ ამას?” – ამბობს ელისო ამირეჯიბი.

 

ოჯახში ძალადობის აღნიშნულ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატიც  სწავლობს.

 

ომბუდსმენის აპარატის განმარტება, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიცია ადეკვატურად არ რეაგირებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2013 წლის ანგარიშშიც მოხვდა.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, მოძალადის მიმართ პოლიცია ხშირად ზეპირი გაფრთხილებით შემოიფარგლება, რასაც განმეორებით ძალადობის შემთხვევებამდე მივყავართ.

 

ზოგადად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2013 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ ოჯახში და სხვა ტიპის ძალადობა ქალთა მიმართ კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში.

 

ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკაც, რომლის მიხედვით, ქვეყანაში მოსახლეობის 9% განიცდის სექსუალურ თუ სხვა ტიპის ძალადობას და, რომ 2013 წლის 10 თვის ოფიციალური მონაცემებით, ოჯახში ძალადობის 399 შემთხვევა არის დაფიქსირებული, რაც აღემატება 2012 წლის 10 თვის მაჩვენებელს – 316.

მასალების გადაბეჭდვის წესი