ახალი ამბები

სადავო ცვლილება: 13 ათასამდე მოხელის დათხოვნა

6 მარტი, 2014 • 1086
სადავო ცვლილება: 13 ათასამდე მოხელის დათხოვნა

 სადავო ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ამა წლის 5 თებერვალს შევიდა თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში. რეორგანიზაციის მიხედვით, საჯარო მოხელეების თანამდებობებზე კონკურსები არჩევნების შედეგების დაფიქსირებიდან 120 დღის ვადაში უნდა გამოცხადდეს, მანამდე კი ისევ ის ადამიანები იმუშავებენ დროებით მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით.

 

 

რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა იანვრის ბოლოს „ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სტრუქტურები, რომლებიც მოხელეთა კონკურსებს ჩაატარებენ სამომავლოდ, მუნიციპალიტეტებმა თვითონ უნდა შექმნან. შესაბამის კონცეფციაზე კი სამინისტრო მუშაობს.

 

 

„თავდაპირველად კანონში უნდოდათ ჩაეწერათ, რომ არჩევნების დამთავრებისთანავე მოხდებოდა რეორგანიზაცია. ჩვენ ეს გავაპროტესტეთ და ჩაწერეს, რომ არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ განხორციელდება ეს ყველაფერი. ჩვენი აზრით, ეს გარკვეულად კავშირშია იმ განცხადებებთან, რომელიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა მმართველი კოალიციის მხრიდან, მე ვგულისხმობ პრემიერს და ვიცე-პრემიერს, რომელმაც ღიად თქვა, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც მათთვის იმუშავებს არჩევნებზე, მისი დასრულების შემდეგ დაასაქმებენ“, – აცხადებს ირმა ნადირაშვილი, დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის წევრია.

 

 

„რაც „ქართული ოცნება“ შეიქმნა, იმის შემდეგ ვერ მოხერხდა პარტიის გაძლიერება, ამას ჰქონდა ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც. ყოველთვის ვიმყოფებოდით საარჩევნო პროცესებში და ახლაც არჩევნებისთვის ვემზადებით. ამიტომ ჩვენ დავიწყებთ კონფერენციების ჩატარებას, რათა ავირჩიოთ ახალი თავმჯდომარეები. ყველა ის პიროვნება, ვინც ღირსეულად იბრძოდა და იდგა ჩვენ გვერდით, მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესებში და სამომავლოდაც ის ნიჰილიზმი, რომელიც იყო გარკვეულწილად ჩვენს მხარდამჭერებში დასაქმების მიმართულებით, ყველანაირი პრობლემა იქნება გადაწყვეტილი. ყველა იქნება ჩვენ გვერდით, ვინც ამას იმსახურებს“, – ამბობს კახა კალაძე პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ იმ განცხადებაში, რომელზეც ნადირაშვილი აპელირებს.

 

 

ზემოხსენებულ საკანონმდებლო ცვლილებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ სახალხო დამცველი და საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე.

 

 

„საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი აღიარებს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, დაიკავონ ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ეს უფლება იცავს მოქალაქეებს არა მხოლოდ სამსახურში მიღების და საქმიანობის პროცესში, არამედ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროსაც. შესაბამისად, მოქალაქეთა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებისას პარლამენტი შებოჭილია კონსტიტუციური მოთხოვნით, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება შეზღუდოს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და სათანადო გამართლებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენმა გაავრცელა.

 

 

კახა კოჟორიძე კი ამბობს, რომ ეს ცვლილება თვითმმართველობებში დასაქმებულ ყველა მოხელეს „ერთ ქვაბში ხარშავს“ და დიფერენციაციას არ აკეთებს, რაც არასწორია. მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ მსგავსი საკითხების ასე დარეგულირება არ შეიძლება.

 

 

„ხელისუფლების არგუმენტი არის ის, რომ საარჩევნო კოდექსმა დაადგინა ახალი წესი, რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა რაოდენობაზეა დამოკიდებული ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავეთა რაოდენობა, ანუ სადაც მეტი ამომრჩეველია, იქ მეტი საჯარო მოხელე უნდა მუშაობდეს. ეგ წესი, რომელიც საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობის გაანგარიშების ახალ ფორმულას გვთავაზობს, დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანით შეამცირებს მთლიანობაში თვითმმართველობებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობას. მაგრამ ამ მსჯელობას რომც გავყვეთ, ეს ნორმა მაინც არ იძლევა იმის საფუძველს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც შევიდეს ცვლილება და მთლიანად ყველა თანამშრომელი იქნას გათავისუფლებული. მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ათავისუფლებ იმ თანამდებობიდან, სადაც ის მუშაობს“, – ამბობს კოჟორიძე  და დასძენს, რომ თუ ხელისუფლებას თვითმმართველობებში დასაქმულთა რაოდენობის შემცირება სურს, შესაძლებელია გამოყოს კონკრეტული თანამდებობები:

 

 

„არგუმენტი, რომ ყველას გაშვების შესახებ ცვლილება გამოწვეულია თვითმმართველობის რეფორმით, არ არის მყარი და დასაბუთებული. ბევრი ადამიანი კონკურსის წესით არის დანიშნული და კონკურსით დანიშნული ადამიანის ამ ფორმით გათავისუფლება არის მიუღებელი. მაგალითად, ორსული ქალის სამსახურიდან გათავისუფლება არ შეიძლება, ეს აღიარებული ფაქტია ჩვენი კანონმდებლობითაც და საერთაშორისო სტანდარტითაც. ეს ცვლილება კი ამ ტიპის გამონაკლისს არ ითვალისწინებს, ყველას ხარშავს ერთ ქვაბში, რაც ცალსახად არასწორი მიდგომაა. ძალიან ვწუხვარ, რომ პარლამენტმა ეს კანონი მიიღო“, – აღნიშნავს საიას თავმჯდომარე.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი ზვიად ძიძიგური ერთ-ერთი დეპუტატია, რომელმაც ზემოხსენებულ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა. იგი თავის მოტივაციას ასე აყალიბებს:

 

 

„რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე და არავითარი პრობლემა არ არის. როდესაც სრულიად ახალი ტიპის თვითმმართველობა გვეყოლება, ამ ხალხს სჭირდება გადამზადება თავიდან კონკურსების ჩატარება და იმის მიხედვით თვითმმართველობების საქმიანობაში ჩართვა. რაც შეეხება იმას, რომ რაღაც კონსტიტუციური ხარვეზია, ესეც საკმაოდ სადავო თემაა“.

 

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ თუ კანონმდებელი ამ ცვლილებით მიზნად ისახავდა უფრო კვალიფიციური კადრების მოზიდვას, საკმარისი იქნებოდა ატესტაციის ჩატარება თვითმმართველობებში, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ნათლად გაწერილი პროცედურაა და მის საფუძველზე გადამოწმდებოდა არსებული კადრების შესაბამისობა სამსახურის მოთხოვნებთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში კი, ადგილობრივ თვითმმართველობას შეეძლო ახალი, უფრო კვალიფიციური კადრების აყვანა. როდესაც „ნეტგაზეთმა“ ძიძიგურს სახალხო დამცველის ეს მოსაზრება შეახსენა, მან განაცხადა:

 

 

„სახალხო დამცველს თავისი მოსაზრება აქვს, საკანონმდებლო საქმიანობა სხვა თემაა. ამიტომ არაფერი საგანგაშო აქ არ არის, თუმცა ახლა, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს აქვს სრული უფლება, ჰქონდეს თავისი პოზიცია“.

 

 

კახა კოჟორიძისა და ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება პარლამენტში მხოლოდ ბოლოს გაჩნდა, რადგან იგი თვითმმართველობის თავდაპირველ ვარიანტში არ ფიქსირდებოდა.

 

 

„კოდექსის 400-გვერდიან პაკეტს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები რაც ერთვოდა, თავდაპირველ ვარიანტში ეს არ იყო. ეს გაჩნდა მეორე თუ მესამე მოსმენის დროს პარლამენტში და, შესაბამისად, ვერავინ მიადევნა თვალყური, რადგან 400-გვერდიან დოკუმენტში უცბად ერთ გვერდს რომ შეგვიცვლიან, ამის დაფიქსირება ძალიან რთულია. ამან გამოიწვია ის, რომ ბევრმა, მათ შორის ჩვენც, პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ ცვლილების შესახებ“, – ამბობს კოჟორიძე.

 

 

მმართველი გუნდის კრიტიკას უსამართლობას უწოდებს ზვიად ძიძიგური. „ეს საკითხი პარლამენტში თვეების განმავლობაში იხილებოდა თვითმმართველობის კოდექსთან მიმართებაში და არა საჯარო სამსახურის კანონთან მიმართებაში. ამიტომ ვფიქრობ, ბოლო დროს აჟიოტაჟის ატეხვა, თითქოს იქ მესამე მოსმენით შეაპარეს კანონი და ასე შემდეგ, სრულიად არასამართლიანია“, –  აღნიშნავს ძიძიგური.

 

 

კახა კოჟორიძის თქმით, საიას გადაწყვეტილი აქვს საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება ამ საკითხზე, თუ ხელისუფლება არ გაიზიარებს იმ შენიშვნებს, რაც წარმოიშვა. ნადირაშვილის განცხადებით, იმავეს აპირებს „ნაცმოძრაობაც“. საიას თავმჯდომარის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სარჩელს არ განიხილავს იმ მუხლზე, რომელიც ჯერ ამოქმედებული არ არის, აღნიშნული ცვლილება კი ივნისში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. შესაბამისად, თუ საია გადაწყვეტს, რომ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანოს, ამას ზაფხულში გააკეთებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი