როგორც შეხვედრაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, ინციატივის ფარგლებში წლის განმავლობაში დამტკიცდება საკანონმდებლო პაკეტი და სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების, ბავშვებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდება ღონისძიებები, საკომიტეტი მოსმენები და საჯარო განხილვები ბავშვთა საკითხებზე:
“გეგმაში გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების მიღება, როგორიცაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კანონი შვილად აყვანის და შვილობილობის შესახებ, ფიზიკური დასჯის აკრძალვა, სკოლამდელი განათლების კანონი და ცვლილებები კანონში იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ და კანონში სოციალური დახმარების შესახებ.”
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ბავშვებთან მიმართებაში საკანონმდებლო ბაზა მოსაწესრიგებელია:
“ბავშვთა ზრუნვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება ქვეყნისათვის და არის პრიორიტეტი. ჩვენ ბავშვებისთვის ისეთი გარემო უნდა შევქმნათ, სადაც მათი უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული. მიუხედავად იმისა, ისინი ოჯახში იქნებიან, თუ მის გარეთ. საკანონმდებლო ბაზა ბოლომდე დახვეწილი არ არის, იგივე, თუნდაც შვილად აყვანის კანონს მინდა შევეხო. არ არის დაწესებული მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი, თუ რა ასაკამდე შეუძლია ადამიანს იშვილოს ბავშვი. ძალიან დიდი პრობლემა არის ქუჩის ბავშვებთან დაკავშირებით, მათი რეგისტრაციის და დასაქმების პრობლემაა. ისინი საკანონმდებლო კონტროლიდან ამოვარდნილი არიან და ვფიქრობ, ეს ბავშვები შემდეგ პოტენციური კრიმინალები არიან. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველას, მაგრამ გარკვეულწილად ამის თეორიული შანსი ასეთ კატეგორიაში მაღალია. ჩვენ ამ თემაზე კონსულტაციები გვქონდა შს სამინისტროსთან და მოვითხოვეთ, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მოგვაწოდონ და შემდეგ უკვე კომიტეტის ბაზაზე შექმნილი საბჭო განიხილავს ამას და გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს შევიმუშავებთ, რათა მაქსიმალურად იყოს ბავშვთა უფლებები დაცული.”
“პარლამენტის როლი უაღრესად დიდია ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხში. „მნიშვნელოვანია ახალი კანონების შემუშავება და მიღება, მაგრამ ასევე გადამწყვეტია ბავშვის საუკეთესო ინტერესების და ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების გათვალისწინება კანონმდებლობის და პოლიტიკის განხილვის პროცესში,“ -აღნიშნა მარი-პიერ პუარიემ.