პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში დღეს, 21 აგვისტოს, პირველ საათზე კიდევ ერთხელ დაკითხავენ.
როგორც ნეტგაზეთს მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა განუცხადა, მას ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის გამოძიების ფარგლებში კითხავენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 26 დეკემბერს, დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში – ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს.
სუს-ის მაშინდელი განცხადებით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.
გამოძიება სსკ-ს 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სწორედ ამ საქმის ფარლგებში დაკითხავენ დღეს, 21 აგვისტოს მაჩალიკაშვილს, რომელიც სუს-ში დაკითხვაზე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 16 აგვისტოს უკვე იმყოფებოდა. მაშინ ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა, ნეტგაზეთთან საუბარში განმარტა, რომ დაცვის მხარისთვის მაჩალიკაშვილის დაკითხვა გაუგებარია. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა, შესაბამისად, მათთვის უცნობია მაჩალიკაშვილის დაკითხვის მიზეზი არათუ გამოძიების საწყის ეტაპზე, არამედ ახლაც.
ქეთი ჩუთლაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყების ძირითადი კითხვები მსჯავრდებულ პირებთან მაჩალიკაშვილის ურთიერთობებს შეეხებოდა.