ახალი ამბები

ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ – გიორგი ქობულია გაზის ტარიფის ზრდაზე

17 აგვისტო, 2018 • 4373
ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ – გიორგი ქობულია გაზის ტარიფის ზრდაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კომპანიებისთვის გაზის საფასურის მატებაში პრობლემას ვერ ხედავს. მინისტრის განცხადებით, კომერციული დაწესებულებებისთვის ტარიფის მატება მოსახლეობაზე არ აისახება.

“გასაკვირია, მაგრამ კომერციული დაწესებულებებისთვის გაზის ტარიფი თბილისში უფრო დაბალია, ვიდრე რეგიონებში. ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ოპერატორმა მცირედით კომერციული დაწესებულებებისთვის ფასი აწია. ეს არანაირად არ აისახება კერძო მომხმარებელზე. საერთოდ, ჩვენ კომერციულ სექტორს არ ვკარნახობთ, რა ფასი უნდა დააწესონ. ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის,” – ამბობს გიორგი ქობულია.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი”  კომპანიებს სექტემბრიდან გაზს გაუძვირებს. “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება. “ყაზტრანსგაზ-თბილისში”  ამ გადაწყვეტილებას სხვა კომპანიებთან შედარებით დაბალი ტარიფითა და თბილისში გაზმომარაგების ქსელებზე მიმდინარე სამუშაოებით ხსნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი