ახალი ამბები

“ელიტური ტურიზმი” და “უსახური ეკლესიები – ზურაბიშვილის საპრეზიდენტო პროგრამა – მოკლედ

16 აგვისტო, 2018 • 5720
“ელიტური ტურიზმი” და “უსახური ეკლესიები – ზურაბიშვილის საპრეზიდენტო პროგრამა – მოკლედ

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი, როგორ უნდა გახდეს ტურიზმი ელიტური საქართველოში.

როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილის აზრით, ახალმა პრეზიდენტმა მეტი დრო უნდა დაუთმოს არა ჭიდაობას და კინკლაობას, არამედ ახალ მოსაზრებებსა და იდეებს უნდა დაუჭიროს მხარი. 

“ცოტა მინდა გავიხუმროთ ამ თემაზე, ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ვეტომდებელი, უნდა იყოს იდეამდებელი. ანუ მასთან ქვეყანას სჭირდება ინიციატივები და იდეები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უწყვეტი ურთიერთობა საზოგადოებასთან, რათა მასთან მივიდეს კრიტიკული პრობლემები, რაც აწუხებს საზოგადეობას. ამავე დროს ამ საზოგადეობისგან უნდა მიიღოს ახალი იდეები და ინიციატივები.

“მე ვიქნები არა მარტო მედიატორი და ძრავა ამ ინიციატივებისა, მე ვიქნები ამ საზოგადოების პრეზიდენტი და პირველ რიგში ბუნებრივად ვიქნები ქალების პრეზიდენტი”, –  ამბობს ზურაბიშვილი.

მან ყურადღება გაამახვილა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევის შემთხვევაში პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება და ყურადღება უნდა დაუთმოს უმრავლესობას, რომელიც ძალიან აქტიურია ქვეყანაში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

“დღეს გაჩნდა ამ ქვეყანაში ძალადობა ქალთა მიმართ, რაც არის დამანგრეველი არა იმიტომ, რომ სტატისტიკურად ძალიან ტრაგიკურლი სტატისტიკა გაგვაჩნია სხვა ქვეყნებთან შედარებით, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი კულტურის დანგრევა, ეს არის ის, რაც არასოდეს არ ხდებოდა, რაც გაჩნდა და მზარდიც არის. როგორც პრეზიდნეტი, მე ვიქნები ამ საკითხის მიმართ ყოველდღიური ყურადღებით და ყველას, ვისაც ეს საკითხი აწუხებს, იმათ მივიღებ და იმათთან ერთად შევიმუშავებთ, რა უნდა იყოს პოლიტიკა ამის მიმართ, – მიაჩნია სალომე ზურაბიშვილს.

აფხაზეთი

დღეს, დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის წევრმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ საქართველოსთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან, დიალოგის დაწყებას მხარს უჭერს. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ამ განცხადებას.

“ყოველთვის ვთვლიდი, რომ სანამ არ ხარ ხელისუფლებაში, შენ არ უნდა ჩახვიდე მოკოვში, როგორც ზოგიერთი მოგზაურობდნენ, არც გამოთქვა ასეთ სენსიტიურ საკითხებზე მოსაზრება, რადგან ეს არის ხელისუფლების კომპეტენცია. მე ამაში არ შევიჭრები, მაგრამ ის მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ყველა იმ ადამიანთან, ვინც არიან დაბადებული საქართველოს ტერიტორიაზე და არიან ჩვენი ხალხი, ყველა ამათთან შეიძლება ლაპარაკი, ყველა ამათთან შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები, როცა ამის დრო მოვა, რადგან ყველა ისინი არიან საქართველოს მკვიდრნი”, – ამბობს ზურაბიშვილი.

მისი აზრით, ევროკავშირი საქართველოსთვის შეუცვლელია, რადგან ევროპის გზა ბუნებრივი განვითარების, სტაბილურობის გზაა, მაგრამ საქართველომ არ უნდა დაკარგოს “ის, რაც ქმნის ქართველობას.”  ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ეს არ არის პრობლემური.

ელიტური ტურიზმი 

საპრეზიდენტო კანდიდატის აზრით, საქართველო სახარბიელო ქვეყანაა არქეოლოგიის განსავითარებლად და ისეთი ტურისტების მოსაზიდად, რომლებიც დაინტერესდებიან საქართველოს კულტურით და არა მხოლოდ კულინარიით.

“ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური სივრცე, რომ სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო. ეს ჩვენი სიმდიდრე უნდა ასევე გავაზიაროთ უცხოელებთან… ტურიზმზე როცა ვლაპარაკობთ, მე მგონი, ვართ პირველ ეტაპზე, როდესაც ტურისტად ჩამოდიან სხვა ქვეყნიდან ყველაზე დაბალი ფენები. ეს ყველგან ხდებოდა და ხდება, ჩვენზეა დამოკიდებული, ეს ტურიზმი ნელ-ნელა გადავაქციოთ ელიტარულ ტურიზმად, ჩამოვიყვანოთ ადამიანები, რომლებნიც ინტერესდებიან ჩვენი ეკლესიებით, ჩვენი საგანძურებით, ჩვენი სიმღერით, არქეოლოგიით, მუსიკით, უფრო მეტად, ვიდრე იმითი, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ჯერჯერობით იაფფსიანად ჩამოხვიდე”, – ამბობს ზურაბიშვილი.

“უსახური ეკლესიები”

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მთავრობასა და ილია მეორესაც ურჩევს, რომ ახალი ეკლესიების აშენების ნაცვლად ძველი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენაში დახარჯოს თანხა.

“იმის მაგივრად, რომ ყოველ წუთას ავაშენოთ ახალი, საკმაოდ უსახური ეკლესიები, ეს თანხები, რომლებიც მიდის ეკლესიებში, ჩაიდოს ძველი ეკლესიების აღორძინებასა და რესტავრაციაში. მე ვიცი, რომ თანხები ბევრად მეტი უნდა ძველის რესტავრაციას, ვიდრე ახლის აშენებას, მაგრამ ვნახოთ, რა შეიძლება. აქაც შეიძლება ჩავრთოთ უცხოელები, იუნესკო, ჩვენი თანამემამულეები”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

იმიგრაცია

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მოქალაქეები წუხან იმაზე, რომ ძალიან ბევრი უცხოელი შემოდის და ეს უნდა დარეგულირდეს მსუბუქი რეგულაციებით, თუმცა საქართველო “ტოლერანტული” ქვეყნიდან დახურულ ქვეყნად არ უნდა გადაიქცეს. ასეთი მსუბუქი რეგულაციის მაგალითად მოიყვანა არაქართულ წარწერებზე დაწესებული რეგულაცია.

“დავდივარ ჩემს სახლთან ქუჩებში და სულ მესმის, ვაიმე,რა გვემართება, ვაიმე, რა ხდება, შემოსევა არის უცხოელების. ამ დროს ეს არის ტურიზმი, რომელიც აცოცხლებს ძალიან ბევრ ოჯახს. ის განცდა, ის შიშები, ის გენეტიურად გადმოცემული საფრთხის გრძნობა ზოგიერთი ჩვენი მეზობლის მიმართ, ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად, 2–3 წელში, ეს ყველაფერი ქმნის ჩვენს მოსახლეობაში დისკომფორტს”, – ამბობს ზურაბიშვილი.

თუ მთავრობა არ მიაქცევს ამას ყურადღებას, მაშინ შესაძლოა ქუჩაშიც მოხდეს ანგარიშსწორება, ან პოპულისტური პარტიების შეძახილები, რაც ზურაბიშვილის თქმით, უკვე დაწყებულია.

თაობათა დაკავშირება

პრეზიდენტობის კანდიდატს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნია თაობათა შორის კავშირის დამყარება. ამისთვის, მისი აზრით, გვერდიგვერდ უნდა გაიხსნას საბავშო ბაღები  და მოხუცთა თავშესაფრები, რათა გამოიყენონ პენსიონერების გამოციდლება მუსიკაში, პოეზიაში, ასევე,  მათი ურთიერთობა პატარებთან.

“ესენი გაუწევენ ბებია–ბაბუების როლს”, – ამბობს ზურაბიშვილი. 

პრეზიდენტობის კანდიდატმა შეზღუდული შესაძლებლიობების მქონე პირებზეც ისაუბრა და პირობა დადო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნის კვოტას შშმ პირების დასასაქმებლად, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენი იქნება ეს კვოტა.

ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ შშმ პირები არიან სახლში გამოკეტილი. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიუხედავად, მათ მიმართ არ შეცვლილა საზოგადოების დამოკიდებულება და მისი სურვილი კვოტის დაწესებისა იქნება მაგალითი კერძო და საჯარო სექტორისთვის.

დასაქმება

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს ბევრი ბერკეტი მთავრობასთან შედარებით, თუმცა “შეუძლია თავისი სიტყვის თქმა”. ერთი, რაც არ მოსწონს, არის კონკურსების პრაქტიკა, რომელიც არაა გამჭვირვალე. ასევე, მისი აზრით, შესაძლებელია შეიქმნას დროებითი სამუშაო კვოტები ევროპაში პარტნიორ ქვეყნებთან.

“ჩახვალ პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის, დროებით მუშაობს, შეიძლება დაბრუნდე თანხით, მაგრამ შენ უბრუნდები ქვეყანას. ამას სჭირდება სერიოზული მოლაპარაკება. უნდა ავირჩიოთ დარგები, რომლებიც უფრო საჭიროა და მისაღებია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დიასპორის სახლები

ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ უნდა შეძლოს ის, რომ უცხოეთში მცხოვრებ ადამიანებს უფრო მეტი კავშირები ჰქონდეს ქვეყანასთან.

“ერთ-ერთი ასეთი იდეაა დიასპორის სახლი. დაბრუნებას ჩვენ არ უნდა ვუწევდეთ პროპაგანდას, რადგან ეს ქვეყანა ჯერ მზად არ არის ტალღისთვის დაბრუნებისა, მაგრამ ვისაც აქვს ამისი სურვილი, მზადყოფნა, ამისთვის უნდა არსებობდეს დიასპორის სახლი, როგორც გვაქვს იუსტიციის სახლი სხვადასხვა ადგილას, სადაც ადამიანი ჩამოვა და გაიგებს ყველაფერს იმის შესახებ, როგორ იქნება მისი დაბრუნების სხვადასხვა ეტაპები: ბავშვისთვის ქართულის სწავლება, იმისთვის, რომ დასაქმდეს, სად შეიძლება ბინის დაქირავება, რეგიონში დაბრუნება. უთუოდ უნდა იყოს დახმარება და ფინანსური მხარდაჭერა, კრედიტებით, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩამოვლენ, ვთქვათ, ნიუ იორკიდან და დაბრუნდებიან რეგიონში. ისინი გააცოცხლებენ ჩვენს რეგიონებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მისი აზრით, დიასპორებს უნდა ჰყავდეს ერთი ან ორი წარმომადგნელი, რომლებსაც აირჩევენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები და ისინი იქნებიან წარმომადგენლები საქართველოში.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი პრეზენტაცია, რომელიც დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ–მუზეუმში გამართა, არ იქნება ბოლო და შემდეგ პრეზენტაციებზე უფრო დეტალურად ისაუბრებს იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ამ მიზნების განხორციელებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი