ახალი ამბები

არცერთ ხელისუფლებას ამისი თქმა არ უკადრია – უსუფაშვილი “ქართულ ოცნებაზე”

15 აგვისტო, 2018 • 3533
არცერთ ხელისუფლებას ამისი თქმა არ უკადრია – უსუფაშვილი “ქართულ ოცნებაზე”

პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის მიზანია სუსტი პრეზიდენტის არჩევა, რომელიც  პრეზიდენტის პოსტს კიდევ უფრო შეასუსტებს. დავით უსუფაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების” ეს მისწრაფება ანტისახელმწიფოებრივია.

“სრული პასუხისმგებლიბით ვამბობ, რომ არცერთ ხელისუფლებას და სახელისუფლო გუნდს ამისი თქმა არ უკადრია, რასაც ესენი ამბობენ. ქმედებით კი, ბევრს უარესი გაუკეთებია, მაგრამ იმდენი გააზრება მაინც ჰქონიათ, რომ რა შეიძლება თქვა და რა არ შეიძლება. მოკლედ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა შესაშური გულწრფელობით გაგვიმხილეს, რომ მათი მთავარი ამოცანაა, შეარჩიონ ისეთი კანდიდატი, რომელიც იქნება სუსტი პრეზიდენტი და რომელიც ამ პოსტს არარაობად აქცევს”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

დავით უსუფაშვილის თქმით, მთავრობა და მმართველი გუნდი ცდილობს ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩიონ, რომელსაც საზოგადოებაში ავტორიტეტი არ ექნება.

“პრეზიდენტი, როგორც მხარდამჭერი კარგ საქმეებში, როგორც შიდაპოლიტიკური უთანხმოებების მომგვარებელი, როგორც კონსენსუსის და საზოგადოების გამთლიანებისთვის მებრძოლი და ამ ყველაფრის ნაცვლად ეძებენ უავტორიტეტო კანდიდატს”, – ამბობს უსუფაშვილი.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და “შენების მოძრაობის” დამფუძნებელმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 21 ივლისს განაცხადა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მართველი პარტია “ქართულ ოცნება”  არ აპირებს. ცნობილია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, “ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძე, “გირჩის” კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი