ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, 2013 წლის 17 მაისს არავინ დაშავებულა

28 თებერვალი, 2014 • • 989
ღარიბაშვილის თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, 2013 წლის 17 მაისს არავინ დაშავებულა

შეკითხვა ლგბტ პირთა უფლებებთან დაკავშირებით ღარიბაშვილს ამერიკელმა სტუდენტმა დაუსვა, რომელიც შარშან, 17 მაისს საქართველოში იმყოფებოდა. შეკითხვა შემდეგნაირად ჟღერდა:

 

“მე, სამწუხაროდ, თვითმხილველი ვიყავი იმ ძალადობრივი შეტაკების, რომელიც მოტივირებული იყო ჰომოფობიითა და ანტიდასავლური განწყობებით, რამაც აჩვენა, რომ საქართველოში ყველა დასავლური იდეებისკენ არ არის მიმართული, განსაკუთრებით ორთოდოქსული ეკლესია, რომელსაც მხარს საქართველოს მოსახლეობის  80% უჭერს. თქვენ ახსენეთ, რომ თქვენმა მთავრობამ შეიმუშავა ადამიანის უფლებათა სტრატეგია და რომელიც უმცირესობათა უფლებებსაც ეხება, ეხმიანება თუ არა ეს სტრატეგია ლგბტ პირთა უფლებებსაც?”

 

აღნიშნულ შეკიხვაზე ღარიბაშვილმა უპასუხა:

 

“ადამიანის უფლებათა სტრატეგიის გარდა, ჩვენ ასევე ვაპირებთ მივიღოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც უკვე არსებობს და მალე გაიგზავნება პარლამენტში, შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი მალე გადაწყდება. ეს საკითხი, რაც თქვენ ახსენეთ, შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს, ჩვენ ეს გვესმის და საჭიროა ამაზე მუშაობა, არავინ არ არის სრულყოფილი მსოფლიოში, არც ერთი ქვეყანა არ არის სრულყოფილი და ჩვენ გვჭირდება განვითარება.

ამ კუთხით მე ვიტყოდი, რომ ჩვენ დიდი სამუშაო გავატარეთ, ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებების სტრატეგია, ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ვახსენე, რატომღაც წინა მთავრობას ეს არ გაუკეთებია, არ ვიცი, რატომ. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ყოველ წელს, მაგალითად, 2011, 2010, 2009 წლებში ეწყობოდა LGBT პირთა დემონსტრაციები, ისინი იყვნენ ძალადობის მსხვერპლი, მათ ცემდნენ სხვა პირები და პოლიციას არ შეეძლო მათი დაცვა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არავინ დაშავებულა, არავის არ დაპირისპირებიან, მე პირადად ვიყავი ჩართული ამ ადამიანების დაცვის საკითხში. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის პრობლემა, ეს შეიძლება პრობლემაა ყველა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ჩვენ ვმუშაობთ, რომ გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით. ერთი რამ კიდევ მინდა დავამატო, რომ საქართველო ყოველთვის იყო ტოლერანტული ქვეყანა მრავალი საუკუნის მანძილზე, რა თქმა უნდა, უნდა გაუმჯობესდეს სიტუაცია, მაგრამ ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ზოგადად ტოლერანტულობის თვალსაზრისით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  

შეგახსენებთ, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2013 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ხსენებულ პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2013 წლის 17 მაისს პოლიციამ არ დაიცვა მშვიდობიანი ადამიანების უფლებები, რომლებიც ჰომოფიბიასა და ტრანსფობიისასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით შეიკრიბნენ. ანგარიშში წერია, რომ ათასობით ძალადობრივი დემონსტრანტი, სასულიერო პირების მეთაურობით, თავს დაესხნენ მშვიდობიან მომიტინგეებს და აიძულეს პოლიციელები, რომ IDAHO–ს მონაწილეების ევაკუაცია მოეხდინათ. პოლიციის სტრატეგია, რომლითაც ისინი მომიტინგეებს იცავდნენ, გააკრიტიკა საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი