ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელიც შვილებს სახლიდან გარეთ არ უშვებდა – შსს

13 აგვისტო, 2018 • 6877
დაკავებულია კაცი, რომელიც შვილებს სახლიდან გარეთ არ უშვებდა – შსს

მამა, რომელიც 8 შვილს თავისუფლად გადაადგილების უფლებას უზღუდავდა და სკოლაში სიარულს უკრძალავდა, დააკავეს.

“ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ამირან დევნოზაშვილს ბრალი საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც იძულებას გულისხმობს.

რა ვიცით დევნოზაშვილის ოჯახის შესახებ
  • ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი ჰყავს, 3 ბიჭი და 5 გოგო. ყველაზე უფროსი შვილი 21 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი – 7 წლის;
  • ოჯახში მუდმივად ცხოვრობს ოჯახის 11 წევრი: მამა, დედა, ბებია და ცოლ-ქმრის 8 შვილი. შვილებიდან 3 უკვე სრულწლოვანია, მეოთხე შვილი წელს ხდება 18 წლის;
  • ბავშვებს სკოლაში არასდროს უვლიათ, ამირან დევნოზაშვილი მიიჩნევს, რომ შვილებს უკეთესად ზრდის;
  • სახელმწიფომ 2010 წლიდან იცის, რომ ამირან დევნოზაშვილი შვილებს სახლიდან არ უშვებს;
  • ოჯახი ჩართულია პრევენციის პროგრამაში და სოციალური მუშაკი დღემდე მუშაობს მათთან;
  • დედას აქვს უმაღლესი პედაგოგიური განათლება და ეხმარება ბავშვებს სწავლის პროცესში;
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ოჯახთან მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რესურსცენტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სოფლის სკოლის დირექტორი, სოფლის ექიმი და ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსი, თუმცა მათ აზრი ვერ შეაცვლევინეს;
  • 2011 წელს მშობლებს შეზღუდული ჰქონდათ  მშობლის წარმომადგენლობითი  უფლებამოსილება  სასამართლოს მიერ, მაგრამ სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა;
  • სააგენტოს ცნობითვე, ოჯახთან მუშაობის დროს არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, მშობლები შესაძლებლობის ფარგლებში ზრუნავენ შვილებზე;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს უმოქმედობის ბევრი ნიშანი, რაც დაბალი კომპეტენციით და ბავშვთა დაცვის ძალიან დაბალი სტანდარტითაა გამოწვეული;
  • ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, ამირან დევნოზაშვილმა მას უთხრა, რომ მართლმადიდებელი წმინდანის, ეგნატე ბრიანჩანინოვის სწავლებით მოქმედებს, თუმცა, მიტროპოლიტის თქმით, დევნოზაშვილი ეპისკოპოსის სწავლებებს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს;
  • გაეროს ბავშვთა ფონდი მიიჩნევს, რომ რვა ბავშვი, რომლებიც მამას – ამირან დევნოზაშვილს სახლში ჰყავს ჩაკეტილი, ძალადობის მსხვერპლია. “იუნისეფის” განცხადებითვე, სახელმწიფომ მყისიერად უნდა აღადგინოს სახლში ჩაკეტილი ბავშვების უფლებები.

 ამავე თემაზე წაიკითხეთ:

რას ჰყვებიან სკოლის დირექტორი და სოცმუშაკი სახლში გამოკეტილ ბავშვებზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი