ახალი ამბები

იმიტომ მებრძვიან, პატრიარქის მოცილება არ დავანებე – ქორეპისკოპოსი იაკობი

12 აგვისტო, 2018 • 3909
იმიტომ მებრძვიან, პატრიარქის მოცილება არ დავანებე – ქორეპისკოპოსი იაკობი

პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ მას ებრძვიან, რადგან მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ილია მეორეს მოცილების გეგმის განხორციელების საშუალება დაინტერესებულ პირებს არ მისცა:

“გამოუშვან, მაგაზე პირადად მე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ რასაც ვითმენდით სანამ ციხეში იყო და როგორც მლანძღავდნენ, თითქოს მე დავაჭერინე მე შევუკვეთე ციანიდი?! მაგათ რა გონია არ ვიტყვი, რას აპირებდნენ და რას არ აპირებდნენ? სხვებზეც არ ვიტყვი უნდოდათ თუ არა პატრიარქის მოცილება? იმიტომ მებრძვიან, რომ არ დავანებე ეს”. – ქორეპისკოპოსი იაკობის ქადაგებას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

იგი ასევე შეეხო დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყლაების საკითხს და თქვა რომ მასში ვერ ჩაერევა. გიორგი მამალაძეს მან ასევე ავაზაკი უწოდა:

“როგორ შეიძლება საზოგადოების ნაწილი ისე დაეცეს, რომ ცოტნე აღმსარებლის ქვეყანაში, ავაზაკს, პირდაპირ ვიტყვი ავაზაკს, პატრიარქის მოცილება ვისაც უნდოდა, იმ დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს, აცხადებენ ლამის გმირად და მოწამედ. ეს არის დიდი სირცხვილი, თითქმის ორი წელია მაგათ ავაზაკობას ვითმენ და ვუსმენ. არ გეგონოთ, რომ მე შეწყალების მოწინააღმდეგე ვარ, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა და მე ვერ ჩავერევი, რადგან მე პრეზიდენტი არ ვარ, მე ვარ ეპისკოპოსი, მაგრამ ვისაც პატრიარქის მოცილება უნდა და იმას კაცად აცხადებენ. დაგვაცადონ, ჩავატარებთ სინოდს და ყველა ვნახავთ, ვინ არის ეკლესიის მტერი და ვინ მოყვარე” – ამბობს ის.

ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა 9 აგვისტოს, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. 2 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს “შემდგომში განიხილავს”. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში არ მიიღო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა.  გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დავას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი