ახალი ამბები

სუს-მა ტერორიზმის საქმეზე ძებნილი, ჩატაევის თანამზრახველი დააკავა

10 აგვისტო, 2018 • 3079
სუს-მა ტერორიზმის საქმეზე ძებნილი, ჩატაევის თანამზრახველი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერორიზმის საქმეზე მსჯავდებული რუსლან შავაძე დააკავეს. სუს-ის ცნობით, 1997 წელს დაბადებული რუსლან შავაძე 9 აგვისტოს ბათუმში დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, რუსლან შავაძემ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა  და მიიმალა.

თბილისის საქალაქო სასამართლო 2018 წლის 27 ივლისს რუსლან შავაძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შავაძეს ბრალი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთაში ედებოდა.

“ჩატარებული გამოძიებით და მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ახმედ ჩატაევმა, იბრაგიმ ადაშევთან და რუსლან შავაძესთან ერთად, 2017 წლის 27 ოქტომბერს არალეგალურად გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთი, რაშიც დახმარებას ასევე უწევდნენ მათი დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, რომელთა მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

ახმედ ჩატაევი, იბრაგიმ ადაშევი და რუსლან შავაძე, მათივე დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, დაბინავდნენ თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, მათთვის თანამზრახველების მიერ წინასწარ შერჩეულ ბინაში, სადაც 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ორი ტერორისტი – იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. დაკავებულ იქნა შოაიფ ბორზიევი,” – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებდა, რომლის მტკიცებით 2017 წლის 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლული და დაკავებული პირების მიზანი თურქეთსა და საქართველოში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები იყო. სუსის მტკიცებით, 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში დაკავებულები, მათ შორის მაჩალიკაშვილი, რომელიც დაკავების მცდელობისას მოკლეს, ახმედ ჩატაევს დაეხმარნენ, საქართველოს საზღვარი კანონდარღვევით გადმოელახათ, ასევე, დაეხმარნენ მათ ბინისა და იარაღის მოძიებაში.

ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323-ე პრიმა მუხლით და 328-ე მუხლით, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია. ასევე 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი