ახალი ამბები

საპენსიო სააგენტოს დირექტორს ხელფასი 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე ექნება

10 აგვისტო, 2018 • 21687
საპენსიო სააგენტოს დირექტორს ხელფასი 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე ექნება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საპენსიო სააგენტოს დირექტორს ეძებს, რომლის ხელფასიც 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე იქნება. ვაკანსია Hr.gov.ge-ზე დღეს გამოქვეყნდა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორს მოეთხოვება ბაკალავრის ხარისხი, იყოს საქართველოს მოქალაქე, იცოდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამები. მისი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში 5 [ან მეტი] წელი უნდა იყოს.

რაც შეეხება ფუნქციებს, ფინანსთა სამინისტრო დირექტორის მოვალეობებს შემდეგნაირად აყალიბებს.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის უშუალო მოვალეობებია, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

  • საპენსიო სააგენტოს ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და მართვა;
  • „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საპენსიო სააგენტოს დებულების შესაბამისად საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება;
  • საპენსიო სააგენტოს საქმიანობის წესების (შინაგანაწესის) შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;
  • „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების რეგისტრირების, მართვისა და ადმინისტრირების წესების შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;
  • „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემის (საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა) შემუშავების პროცესის ხელმძღვანელობა, ტესტირება და დანერგვა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების მართვის მიზნით;
  • საპენსიო სააგენტოს ყოველდღიური მიმდინარე საქმიანობის მართვა და ხელმძღვანელობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევის, დანიშვნის და გათავისუფლების პროცესის ხელმძღვანელობა და მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების განხორციელება და შესაბამისი ანგარიშგება;
  • საპენსიო სააგენტოს მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლებამოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა, მათ შორის, შიდა კონტროლის მექანიზმების და მართვის სისტემის ხარისხის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;
  • საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტის შემუშავება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი ეფექტური მართვა ჯანსაღი ფინანსური მართვის პრინციპების შესაბამისად;
  • შესაბამისი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით;
  • საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობა დაინტერესებულ მხარეებთან და საზოგადოებასთან საპენსიო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან მიმართებაში;
  • ყოველწლიური ანგარიშგება საქართველოს პარლამენტის წინაშე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტმა “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი 2018 წლის 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო. 

“დაგროვებითი პენსიების შესახებ” კანონის მიხედვით, საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის. დასაქმებული გადაიხდის დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს. 2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო.

ვრცლად აღნიშნულ საკითხის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.


მასალების გადაბეჭდვის წესი