ახალი ამბები

მოქალაქე ამბობს, რომ ვაქცინაში, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, თანხა თვითონ გადაიხადა

10 აგვისტო, 2018 • 2955
მოქალაქე ამბობს, რომ ვაქცინაში, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, თანხა თვითონ გადაიხადა

ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მიხიელ ღანიშაშვილი ამბობს, რომ მისი ორი ძროხა ნოდურალური დერმატიტით დაავადა და ვაქცინაში, რომელიც წესით სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, თანხა თვითონ გადაიხადა. მისი თქმით, ვაქცინის თხოვნით ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე სურსათის ეროვნულ სააგენტოს ორი დღის წინ მიმართა.

“ნოდურალური დერმატიტით ჩემი ორი ძროხაც (მეწველი და ბოჩოლა) დაავადდა. მაშინვე ვეტექიმს მივმართე. საკმაოდ ძვირადღირებული წამლები ვიყიდე და დაავადებულ პირიტყვს აცრები ჩავუტარეთ. ნამკურნალევმა საქონელმა ცოტათი მოიხედა. თუმცა მაფიქრებდა დანარჩენი, უმკურნალებელი, ძროხების ბედი, რომ მათაც არ გამოჩენოდათ იგივე დაავადება. არადა, მათთვის წამლების ყიდვა და ვეტერინალური მომსახურების აღმოჩენა უკვე საკმაოდ სოლიდურ თანხას მოითხოვდა,” – ამბობს ფერმერი მიხეილ ღანიშაშვილი.

მიხეილ ღანიშაშვილის თქმით, სააგენტოდან  მათივე ვეტექიმთან გაუშვეს, რომელმაც უთხრა, რომ ილტოს ხეობაში (ახმეტის მუნიციპალიტეტში) რომ მისულიყვნენ, ასაცრელი ძროხების რაოდენობა 50-მდე უნდა ყოფილიყო. როგორც მიხეილ ღანიშაშვილი ამბობს, სურსათის სააგენტოს თანამშრომელმა მას ასევე უთხრა, რომ ამ რაოდენობაზე ნაკლების შემთხვევაში ვაქცინის ფლაკონს ვერ გახსნიდნენ.

“ილტოს ხეობის სოფელი ჭართალა, სადაც მე ვცხოვრობ, პატარა, 10-12 კომლიანი სოფელია, ისიც სულ მოხუცები და, შესაბამისად, აქ საქონელიც ცოტაა. ყველაზე გაბედული სტატისტიკით, ამჟამდ, ალბათ, 30-35 სული ძროხა თუ მოგროვდება სოფელში. ახმეტის მუნიციპალიტეტის ვეტერინალური მომსახურების ეს დაწესებულება კი, ამ რიცხვის საქონლის ასაცრელად ხეობაში ამოსვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს და მოსახლეობას გზას უჭრის უფასო სახელმწიფო ვაქცინაციის პროექტისაკენ,” – აცხადებს მიხეილ ღანიშაშვილი.

ჭარათალას მკვიდრს საბოლოოდ თავად მოუწია ვაქცინის ყიდვა. მისი თქმით, ერთი ძროხის აცრა, დაახლოებით, 100 ლარი დაუჯდა. რაც შეეხება ნოდურალური დერმატიტს, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ცხელება ახასიათებს.

“ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი ვირუსული დაავადებაა, ხასიათდება ცხელებით, ლიმფური სისტემების დაზიანებით, შინაგანი ორგანოებისა და კანქვეშა უჯრედების შეშუპებით, ნეკროზით. ყალიბდება კანქვეშა კვანძები (ბორცვები), საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი. დაავადება მიეკუთვნება მრპ-ის განსაკუთრებით საშიშ დაავადებას. დაავადებული ცხოველი იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას, არ მოდიან ახურებაში, ბუღები დროებით კარგავენ განაყოფიერების უნარს. დაავადება ძნელად გადააქვს სუფთა სისხლის საქონელს, მეწველებს და დასუსტებულს,” – ამბობს მიხეილ ღანიშაშვილი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ იქ სადაც ნოდურალური დერმატიტის გამოვლენის რისკი არსებობს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო ვაქცინაცია ტარდება. სააგენტოში განმარტავენ, რომ ცხოველების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მიმართვის შემთხვევაში ერთ პირუტყვსაც აცრიან.

“იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ერთი პირუტყვი ჰყავს, რომელიც ნოდურალური დერმატიტით დაავადდება. მოქალაქეს შეუძლია სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდეს (15 – 01) ან მიმართოს სააგენტოს რეგიონალურ ოფისს, სადაც მიღებული იქნება შეტყობინება. თუ პირუტყვი მართლაც დაავდებულია ამ დაავადებით, სააგენტო შესაბამის აცრას ჩაუტარებს,” – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლიდან საქართველოში ნოდურალური დერმატიტზე დაახლოებით 300 ათასი ცხოველია აცრილი. ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული პრეპარატი. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, ეს დაავადება ძირითადად მსხილფეხა პირუტყვს უჩნდება. დაავადების გავრცელების ძირითადი წყარო მწერები არიან, რომლებსაც ეს დაავადება გადააქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი