ახალი ამბები

შუასაუკუნეების სამარხი ახალი ჰესის დატბორვის ზონაში

27 თებერვალი, 2014 • • 2538
შუასაუკუნეების სამარხი ახალი ჰესის დატბორვის ზონაში

სპეციალისტები აღმოჩენას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათ მეცნიერულ შესწავლას გეგმავენ.

 

აღმოჩენილი ნივთების პირველადი შესწავლით დგინდება, რომ სამარხი, რომელიც არქეოლოგებმა სოფელ მარადიდში ქვაყრილის ქვეშ აღმოაჩინეს, შუა საუკუნეებით თარიღდება. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის ამირან კახიძის ინფორმაციით, რომელიც არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა, “დასაფლავებულები დამხობილი იყვნენ თავით დასავლეთისკენ, რაც ქრისტიანული წესია. ზემოდან კი იყო ქვების წყობა”.

სოფელ მარადიდში აღმოჩენილი ქვის სანაყები
სოფელ მარადიდში აღმოჩენილი ქვის სანაყები

 

“ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით ეს არის ზედა მარადიდის (სოფელი ამჟამად თურქეთის შემადგენლობაშია) მცხოვრებლების – ხალვაშების სასაფლაო. ჩვენ ეზოებშიც ვიმუშავეთ, ორი საკონტროლო ჭრილი გავაკეთეთ. ერთში ვერაფერი ვიპოვეთ, მეორეში კი იყო ქვაყრილი, სადაც თავის ქალა აღმოვაჩინეთ. ძირითადად ის ადგილები შევისწავლეთ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ძველ ნივთებს პოულობდა”, – ამბობს არქეოლოგი ნინო ძნელაძე.

 

ე.წ. ქვის სანაყი სოფელში ჩასულ არქეოლოგებს ადგილობრივმა გურამ დიდმანიძემ მიუტანა. ამირან კახიძის თქმით, “მსგავსი ნივთი ამ დრომდე მხოლოდ ხის ნაკეთობა იყო აღმოჩენილი”.

 

“ეს უნიკალური ნივთი უშუალოდ ჰესის მშენებლობის ადგილზეა აღმოჩნელი, ნივთი გურამ დიდმანიძე გადმოგვცა. ამ ადგილებში სანადიროდ დადიოდა”.

 

ქვის სანაყი მეცნიერებმა ჩვენს ერამდე მესამე ათასწლეულით დაათარიღეს: “სპილენძს რომ მოიპოვებდნენ, ამ ჯამებში ანაწევრებდნენ. ნაყავდნენ, რომ შემდეგ ადვილად გამომდნარიყო.”

 

ისტორიული წყაროების მიხედვით, ჭოროხის აუზში ამ პერიოდით დათარიღებული უძველესი მეტალურგიული კერები ბევრგანაა აღმოჩენილი. მეცნიერებმა სოფელ მარადიდში სულ სამი ქვის სანაყი აღმოაჩინეს.

 

“ეს არის კიდევ ერთი ნივთიერი მტკიცება იმისა, რომ ჭოროხის აუზი სათავეებით უკავშირდებოდა ანატოლიურ ცივილიზაციებს. ხოლო გონიო-აფსაროსის ციხით კრეტამიკენის კულტურებსა და ბერძნულ ცივილიზაციებს”, – ამბობს ამირან კახიძე.

 

დატბორვის არეალში არქეოლოგებმა ბრინჯაოს ზანზალაკიც აღმოაჩინეს. ეს ზანზალაკი ცოტა ხნის წინ სხალთაში აღმოჩენილი ზანზალაკის მსგავსია. სპეციალისტის ვარაუდით, “შესაძლოა ეს იყოს იმ ზანზალაკების ანალოგი, რომლებსაც ადრე დროშაზე ამაგრებდნენ”.

 

შუბის პირი, რომელიც ასევე სოფელ მარადიდში დატბორვის ტერიტორიაზეა ნაპოვნი, განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება.

 

ნინო ძნელაძის ინფორმაციით, სოფლის სხვა ტერიტორიების შესწავლა, რომელიც შეძლება ასევე მეცნიერებისთვის საინტერესო იყოს, შეუძლებელია, რადგან ამ ადგილებში ახლა სასაფლაოებია.

 

არქეოლოგიური გათხრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში თურქული კომპანიის “ნიუ ენერჯი 2007”-ის დაკვეთით აწარმოეს. ეს კომპანია მდინარე ჭოროხზე ორ ჰესს აშენებს და მესამე პროექტს განიხილავს. ჰესების მშენებლობა ჭოროხის მიმდებარე სოფლებში გარკვეული ტერიტორიების დატბორვას ითვალისწინებს.

 

მდინარე ჭოროხზე ჰესების მშენებლობა უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. რატომ გადაწყვიტა ინვესტორმა ტერიტორიის არქეოლოგიურად შესწავლა ახლა, ამ კითხვას კომპანიის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს. მათ ამ თემაზე “ბათუმელებთან” საუბარი არ ისურვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი