ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა დღეს, 9 აგვისტოს, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
“არ შეიძლება ადამიანი იყოს უკანონო პატიმრობაში. დეკანოზი გარკვეული ჯგუფების, როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფებაში, პირადი პატიმარია. დღეს ერთადერთი ნათელი წერტილი პრეზიდენტის ინსტიტუტია. მართლმსაჯულება საქართველოში არ არსებობს. ეს უზენაესმა სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით დაადასტურა. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი თავისი შინაგანი რწმენით, ღირსებითა და წესიერებით სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს,” – აცხადებს გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
2 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს “შემდგომში განიხილავს”. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში არ მიიღო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დავას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ.
დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.