პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში ახალი რეალობა შექმნა. როგორც პრემიერი განმარტავს, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კანაფის მოხმარებზე ყოველგვარი სასჯელის გაუქმებას შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით უნდა უპასუხოს.
“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში ახალი სამართლებრივი რეალობა შექმნა. ამას აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება. როგორც მთავრობის მეთაურს მიმაჩნია, რომ ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა”, – თქვა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერისვე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება, კოორდინაცია გაუწიოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს, “რათა სრულად იქნას დაცული უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი სიკეთე”.
“ამასთან, იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისო საბჭოს ფარგლებში წარმოდგენილმა სამინისტროებმა, პარლამენტის აქტიური ჩართულობით, უნდა შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებული პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველმყოფი პროგრამები” – თქვა მამუკა ბახტაძემ.
30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.