რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების თქმით, პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომელიც სხეულში დამალვის გზით, 2018 წლის 18 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
სამართალდამცავებმა ბრალდებული საქართველოში შემოსვლისთანავე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 168 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.