ახალი ამბები

დავით ბაქრაძე: მარგველაშვილისგან ვერ მოვისმინე ვერანაირი კონკრეტიკა

21 თებერვალი, 2014 •
დავით ბაქრაძე: მარგველაშვილისგან ვერ მოვისმინე ვერანაირი კონკრეტიკა
დავით ბაქრაძის თქმით, სიახლეა ის, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობა არ ესწრება:
 
 
“მე მოვისმინე განმარტება ჩვენი კოლეგებისგან, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი აღარ არის მთავრობის მეთაური და ეს არის მიზეზი. ძვირფასო კოლეგებო, პრეზიდენტი არ გახლავთ არც საქართველოში მცხოვრები უცხოელი დიპლომატების მეთაური, არც რელიგიური კონფესიების მეთაური და არც წმინდა სინოდის მეთაური, მაგრამ ისინი ყველანი ბრძანდებოდნენ დღეს აქ ერთი მიზეზით, რომ ისინი პატივს სცემენ ქართველი ხალხის არჩევანს. სამწუხაროდ, მთავრობა აღმოჩნდა ის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელმაც პატივი არ სცა ქართველი ხალხის შარშან გამოხატულ არჩევანს”, – განაცხადა ბაქრაძემ.
 
 
 
მისი თქმით, მას არ უხარია მთავრობის მიუსვლელობა: „მე მოვუსმინე საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც საუბრობდა ნატოზე, აფრიკაში ჩვენი სამშვიდობო კონტიგენტის გაგზავნაზე და მაქვს მარტივი კითხვა, სად არის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამ დროს უნდა ადასტურებდეს იმას, რასაც ამბობს პრეზიდენტი? მე მოვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის საუბარს ვილნიუსზე, ევროკავშირზე და ჩვენს გეგმებზე. მაქვს ასევე მარტივი კითხვა, სად არის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამ ყველაფერს უნდა იღებდეს, როგორც სახელმძღვანელო პრინციპებს მომავალი პოლიტიკისთვის? ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით. ჩვენ ვიყავით კონკურენტები არჩევნების დროს. მე იმავე საღამოს მოგილოცეთ გამარჯვება და მინდა პიროვნულად მივულოცო ადამიანს , რომელიც არის და იქნება ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი. ამიტომ მე არ მიხარია ის, რომ დღეს ამ დარბაზში მინისტრების სავარძლები თავისუფალია”.
 
 
 
ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ მან პრეზიდენტისგან ვერაფერი მოისმინა გასული თვეების განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ:
 
 
„ათი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გამოსვლა მომისმენია პარლამენტში, როგორც ქართველი პოლიტიკოსების, ასევე პრეზიდენტის. მინდა გითხრათ, რომ თქვენს გამოსვლას ნამდვილად გულიანად დავუკრავდი ტაშს, თქვენ რომ ბრძანდებოდეთ ლიტვის პრეზიდენტი ან შვედეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოში გამოდის და მის მეგობარ ქვეყანას მოძღვრავს ღირებულებებზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო. სამწუხაროდ, მე ვერ მოვისმინე ვერანაირი კონკრეტიკა, თუ რა გაკეთდა თქვენ მიერ წინა ოთხი თვის განმავლობაში და რის გაკეთებას აპირებთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი