ახალი ამბები

პარლამენტმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი დაამტკიცა

20 თებერვალი, 2014 • • 878
პარლამენტმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი დაამტკიცა

ცვლილების მიხედვით, 2015 წლის 17 ივნისს ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, რის გამოც საკანონმდებლო აქტებში ციფრული მაუწყებლობის შესაბამისი ტერმინოლოგიის ჩაწერა მოხდება.

 

“მიღებული კანონპროექტის მიზანია ანალოგიურიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე საქართველოს დადგენილ ვადებში გადასვლის და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 10 თბერვლის #206 განკარგულებით მოწონებულ იქნა სამოქმედო გეგმა, რომელმაც განსაზღვრა საქართველოში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის ძირითადი პრინციპები. კანონპროექტის მიზანია, მოხდეს სამართლებრივი საფუძვლის დადგენა ზემოთაღნიშნული სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად,” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

 

ცვლილებებით დგინდება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების წესი და საფუძვლები. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოპოვების შესაძლებლობას კონკურსის წესით, ნაცვლად მხოლოდ აუქციონის წესისა. განსაზღვრულია კონკურსის გამართვის წესი და პირობები, იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც ეზღუდებათ აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის უფლება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი