ახალი ამბები

თაქთაქიშვილი: კანონებს არ უნდა ვიღებდეთ ეკლესიის დიქტატის პირობებში [Video]

20 თებერვალი, 2014 •
თაქთაქიშვილი: კანონებს არ უნდა ვიღებდეთ ეკლესიის დიქტატის პირობებში [Video]

დღევანდელ სხდომაზე კომიტეტს  საკანონმდებლო წინადადების ინიციატივად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას მომდევნო სხდომაზე გააგრძელებენ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილია აცხადებს:

“არსებობს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბიომეტრიული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ეწინააღმდეგება არც ერთ საეკლესიო განაწესს. ამ პირობებში ირაციონალური მსჯელობა იმაზე, რომ იმართება მსოფლიო მასონების მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დაიწვას რაღაც სახელმძღვანელოები, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გვჯეროდეს იმის, რაც მოსახლეობის ნაწილს სჯერა, მაგალითად, რომ ბერი გაბრიელი აუსრულებს შობას ორ სურვილს, ან რომელიღაც ხატი, რომელიღაც სახელმწიფო მუზეუმიდან გამოფრინდება, ვფიქრობ, რომ ეს არ არის მსჯელობის ის ფორმატი, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვრებოდეს გადაწყვეტილებები.”

ჩიორა თაქთაქიშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყანა თეოკრატიული რეჟიმისკენ მიდის:

“გადაწყვეტილებებს უნდა ვიღებდეთ კონსტიტუციის და ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით და არ უნდა ვიღებდეთ ეკლესიის დიქტატის პირობებში. ვხედავთ, რომ მივდივართ თეოკრატიული რეჟიმისკენ. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა

 

კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ საკითხი სენსიტიურია და კომიტეტი მასზე მუშაობას გააგრძელებს:

“კომიტეტმა უნდა გააგრძელოს ამ საკითხზე მუშაობა. საკითხი ძალიან სენსიტიური და საყურადღებოა. მე არ მიმაჩნია სწორი იყოს მიდგომა, რომ ხელაღებით უარი უთხრა მოქალაქეებს, როცა ისინი მოგმართავენ, რომ მათი უფლებები ირღვევა. არსებობს გარკვეული პარამეტრები, რომლებზეც ჩვენ არ ვდაობთ, მაგრამ აქ საუბარია პირადობის მოწმობაზე, რომლის ალტერნატივასაც ითხოვენ მოქალაქეები. ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით ეს საკითხი ძალიან საყურადღებოა.”

მიხეილ გელა სალუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა 9 წლის მანძილზე ცალმხრივი მოძრაობის ქუჩაზე მოძრაობდა, როდესაც არავის ჰქონდა განსხვავებული მოსაზრების დაფიქსირების შესაძლებლობა:

“ჩვენი მოთხოვნა კავშირში არ არის რელიგიურ მოთხოვნასთან, არამედ ჩიპიანი მოწმობის პარალელურად დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის მოწმობა. სხვა საკითხია, ქვეყნის გარეთ პასპორტის, როდესაც გადაადგილდება ადამიანი, ამასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომიტეტის შემდეგ სხდომებზე ჩვენ მივაღწევთ იმ ერთობლივ შედეგს, რასაც ქვეყანაში პირადობის ალტერნატიული მოწმობის შემოღება ჰქვია.”

მიხეილ გელა სალუაშვილი
მიხეილ გელა სალუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი